
ნინო ლაცაბიძე რუსთავის ეკოლოგიურ პრობლემებსა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის აღსრულების ნაწილში არსებულ სიტუაციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. რუსთავის მერის განცხადებით, როდესაც საკითხი ეკოლოგიასა და რუსთაველების ჯანმრთელობას ეხება, აქ ყველა ერთიანია.
„როცა საკითხი ეკოლოგიას და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას ეხება, ყველა ერთად ვართ და აქ სხვა პოზიცია არ არსებობს. უნდა აღსრულდეს კანონი, რომელიც პარლამენტმა დაახლოებით ერთი წლის წინ მიიღო. რუსთაველებს უნდა მოგვეცეს საშუალება, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერით. ყველა სექტორი, როგორც სამთავრობო გუნდი, ისე სამოქალაქო ჯგუფი, რომელმაც დაიწყო ეს გარდამტეხი ეტაპი ჩვენს ქალაქში, ყველანი ვართ ერთიანები იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის ეკოლოგია გაუმჯობესდეს. აქტიურობას ყოველთვის მოაქვს შედეგი, სწორედ ერთობლივი აქტივობის შედეგი იყო ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონში. შედეგიანია ის კამპანიაც, რომელიც ჩვენ, გარემოს დაცვის სამინისტროსთან, პარლამენტთან და ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ვაწარმოეთ და შევამოწმეთ რუსთავის საწარმოო ზონაში არსებული ყველა საწარმო“, – განაცხადა ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
მერის თქმით, სწორედ ერთობლივი მონიტორინგის შემდეგ დაიწყეს ქალაქში არსებულმა საწარმოებმა ფილტრაციის სისტემების მონტაჟისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
„რუსთაველებმა იციან, რომ ეს არ არის გუშინ დაწყებული პრობლემა, ეს ათწლეულების პრობლემაა და ძალიან დიდი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, ახლა ჯერი საწარმოებზეა. ჩვენ ყველა ერთად, როგორც სამთავრობო გუნდი, ისე სამოქალაქო სექტორი ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კანონი აღსრულდეს და რუსთავის ეკოლოგია გაუმჯობესდეს“, – განაცხადა ლაცაბიძემ.
რუსთავის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზამთარში, რუსთავის მერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა, რუსთავის საწარმოო ზონაში არსებული ქარხნების ერთობლივი მონიტორინგი განახორციელეს. სამი თვის განმავლობაში შემოწმდა რუსთავის ტერიტორიაზე არსებული ყველა საწარმო და თითოეულ მათგანს აირმტვერდამჭერი მოწყობილობებისა და უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის გასამართად, გარკვეული ვადა განესაზღვრა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კონკრეტული თარიღების მითითებით მათ კონკრეტული გრაფიკი განუსაზღვრა. საწარმომ, რომელზეც უწყვეტი ავტომატური თვითმონიტორინგის მოთხოვნები ვრცელდება, აირმტვერდამჭერი სისტემების გამართული ფუნქციონირებისა და უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის მიმართულებით შესრულებული სამუშაოს ანგარიში, კონკრეტულად მისთვის განსაზღვრულ ვადაში უნდა წარადგინოს.