
ჩვენ რომ თავიდან ავიცილეთ კონფლიქტი, ვფიქრობ, ამ ხელისუფლების დამსახურებაა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფილოლოგმა, პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა.
მისივე თქმით, დამსახურება ცარიელი სიტყვა არ არის, საუბარია ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლეზე და შეიძლება, საერთოდ სახელმწიფოებრიობის დაკარგვაზე.
„საფრთხეებს განვიცდით, ჯოჯოხეთია, უკრაინა რასაც გადის. დაგეთანხმებით, მეც ვფიქრობ, რომ იყო საქართველოს ომში ჩათრევის რეალური მცდელობები. თუნდაც, უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარია, ერთ ბედ ქვეშ ვართ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ძალიან ცუდად გვექცეოდა. ცილს სწამებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ რუსეთში უშვებს იარაღსო. ბრიტანეთის დაზვერვას გავუგზავნეთ და იმათმაც კი ვერაფერი თქვეს. შემდეგ თქვეს, პრევენციულად ვთქვით, რომ არ გააკეთოთო. ანუ, რეალურად, ეს ერთხელ კი არ ხდებოდა.
გასაგებია, რომ ცუდ დღეში ხარ, მაგრამ მგონი უკრაინის ხელისუფლება მხოლოდ თავისით არ აკეთებდა ამას. ეს ხომ გამოიწვევდა დესტაბილიზაციას საქართველოში, ასეთი რამ ხალხს რეალურად რომ დაეჯერებინა. მეც რომ დამეჯერებინა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს იარაღს უგზავნის, მეც დავუპირისპირდებოდი საქართველოს ხელისუფლებას ხომ? ამას ცდილობდნენ რეალურად. ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. საქართველო ყოველთვის იჩენდა ამ სიფრთხილეს ისტორიულად.
პატარა ხარ და გიწევს ძალიან დიდ ურთულეს გეოპოლიტიკაში ყოფნა. ჩვენ რომ თავიდან ავიცილეთ კონფლიქტი, ვფიქრობ, ამ ხელისუფლების დამსახურებაა. დამსახურება ცარიელი სიტყვა კი არ არის, საუბარია ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლეზე და შეიძლება, საერთოდ სახელმწიფოებრიობის დაკარგვაზე. უკრაინაში რაც ხდება, ამას გადაიტანდა საქართველო?“, – აღნიშნა ლევან გიგინეიშვილმა.