ის ჩემთვის მკვდარია – ბადრი ესებუას მამა

568
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს ბანკზე თავდასხმისა და მძევლების აყვანის საქმეზე ძებნილ ბადრი ესებუას მამა “კვირის პალიტრა”-ს ესაუბრა და თქვა, რომ მისთვის, ის უკვე მკვდარია.

„სულ ტელევიზორს ვუყურებ, რომ არაფერი გამომრჩეს. 8 თვეა ბადრის არაფერი ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი. ის ჩემთვის მკვდარია, ჩემი შვილია, მაგრამ მისი არაფერი მაინტერესებს. მე მეორე შვილის ამბავი მაინტერესებს, უდანაშაულო კაცი ზის ციხეში. გამორჩეული არც ერთი შვილი არ მყავდა, მაგრამ ახლა რა აუტანელი მდგომარეობაცაა ჩემს ოჯახში, მტერს არ ვუსურვებ – ორივე შვილი დამეღუპა, მშობლები გავნადგურდით, უდანაშაულო შვილი მიზის ციხეში… 39 წლის კაცია და ცხოვრებაში მისგან ერთი წყენა არავის ახსოვს. მსახურობდა ჯარში, მერე მუშაობდა კეთილმოწყობის სამსახურში. ხელმოწერებს შევაგროვებდი, მის ყველა დამსახურებას მოვუყრიდი თავს, მაგრამ რას უშველის? ბადრისთან არც არაფერი მაქვს სათქმელი, ჩაიდინა თუ არა დანაშაული, დღეს მის გამო ძმა ციხეშია და ჩვენ ცოცხლად დაგვმარხა. მორჩა, ის ჩემთვის მკვდარია.

ვერაფრით დავეხმარე ჩემს უდანაშაულო შვილს, ის მძევალია, ბადრის გამო აიყვანეს და ეწამება. იმ თვეში დამთავრდება ბიძინას ამბავი და ვნახოთ, რა იქნება, რასაც მოისურვებენ, იმას უზამენ. ჩემი თავი სულ არ მადარდებს, ერთი დღე არ ვიცოცხლებდი ამ მდგომარეობაში, ბიძინას პატარები რომ არა, ხვალვე მოვიკლავდი თავს. ვერ გავუძელი ამხელა დარტყმას, ავადმყოფი ვარ, დიაბეტიანი, სტენტი მაქვს გასაკეთებელი, ნაინსულტარი ვარ, მაგრამ სამკურნალო ფული არა მაქვს. მეუღლეა და, ბადრისა და მერე ბიძინას ამბავზე იმდენი ინერვიულა, ახლა ყველაფერი სულერთია მისთვის, აზრზე არ არის, აშკარად ფსიქიკური პრობლემები აქვს”, – აცხადებს ესებუა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება