ჩვენ ვართ დასავლეთის მოკავშირეები ყველა იმ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა სამართლიანი სამყაროსთვის, მაგრამ ჩვენ ვერ გავხდებით ვერავის იარაღი რუსეთის წინააღმდეგ ომში

970X90

“ევროკავშირის წევრი ვერ გახდება ღატაკი და დანგრეული ქვეყანა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ზრდა გვიქმნის მყარ საფუძველს იმისა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, საქართველო ყველა იმ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა სამართლიანი სამყაროსთვის, დასავლეთის მოკავშირეა, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩვენი ქვეყანა სხვის ხელში იარაღად არ იქცევა.

სუბარი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის დასავლეთთან კარგი ურთიერთობების გარდა, მნიშვნელოვანია მყარი ურთიერთობები აღმოსავლეთის ქვეყნებთანაც.

„როცა საუბარია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ამბობენ, რომ საქართველომ უნდა გაატაროს გარკვეული რეფორმები და აკმაყოფილებდეს სტანდარტებს. ეს სტანდარტები არის ქვეყანაში დემოკრატიის დონე და ადამიანის უფლებების დაცვა, რაშიც ჩვენ არათუ ვინმეს ჩამოვრჩებით, პირიქით მოწინავეები ვართ და არამხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაზე მაღალი სტანდარტიც გვაქვს დამკვიდრებული.

ევროკავშირის წევრი ვერ გახდება ღატაკი და დანგრეული ქვეყანა. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ზრდა გვიქმნის მყარ საფუძველს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი.

ჩვენ ვართ დასავლეთის მოკავშირეები ყველა იმ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა სამართლიანი სამყაროსთვის, მაგრამ ჩვენ ვერ გავხდებით იარაღი რუსეთის წინააღმდეგ ომში, ვერ გამოვაყენებინებთ ჩვენს თავს ვერავის და არ დავღუპავთ ჩვენს ქვეყანას. როცა ისინი ამას გაისიგრძეგანებენ, მაშინ იძულებულები იქნებიან ნაბიჯი გადმოდგან ჩვენკენ. ჩვენ მზად ვართ შემხვედრი ნაბიჯებისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობის გადატვირთვისთვის, მაგრამ არ ვართ მზად და არც არასდროს არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს განადგურებისკენ წაიყვანს.

მიუხედავად საგარეო ზეწოლისა და ქვეყნის შიგნით აგენტოკრატიის მავნებლობებისა, წინა თვეში საქართველოს ეკონომიკის ზრდა 13% იყო. იმედი გვაქვს, რომ დაახლოებით იგივე დონის ზრდა გაგრძელდება წლის ბოლომდე. მომდევნო წლების პროგნოზიც ძალიან მაღალ ზრდას აჩვენებს. მართალია, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზები ორნიშნა ზრდას არასდროს ვარაუდობენ, მაგრამ მათი ვარაუდითაც გაისად საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში.

საქართველოსთვის აუცილებელია მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები გვქონდეს არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნებთანაც. აღმოსავლეთით მდებარეობს ჩვენი მეგობარი ქვეყანა აზერბაიჯანი, შემდეგ მოდის ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომლებიც უზარმაზარი ბაზარი და ნედლეულის ამოუწურავი წყაროა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის. კიდევ უფრო აღმოსავლეთით კი მდებარეობს ჩინეთი, რომელთანაც ახლახან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და რომელთანაც ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონში სტაბილური ვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობით, ძმობით, სიყვარულით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოძმეებთან, აფხაზებთან, ოსებთან თუ იქ მცხოვრებ სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

970X90
გაზიარება