იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

IMG.GE

რატი ბრეგაძემ პენიტენციური სისტემის თითოეულ დასაქმებულს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და 21 მომსახურეს წარმატებული საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადასცა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფოს უსაფრთხოების და მართლწესრიგის საკითხში დიდი როლი აკისრია და ამ საპასუხისმგებლო მისიას უწყება წარმატებით ახორციელებს.

რატი ბრეგაძემ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიღწევები გააცნო. აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იმ ადამიანების კეთილდღეობაა, რომლებიც სასჯელის აღსრულებაზე ზრუნავენ. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომელთათვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში სისტემაში ხელფასები 118%-ითაა გაზრდილი; მომსახურეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო კვებითა და ჯანმრთელობის დაზღვევით; უსაფრთხო ტრანსპორტირებით, თანამედროვე სპორტული მოედნებით, სავარჯიშო სივრცეებითა და სატრენაჟორო დარბაზებით; აქტიურ რეჟიმში ხორციელდება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები.

იუსტიციის მინისტრმა ციხეებში 2012 წლამდე არსებული ვითარებაც გაიხსენა. მისი თქმით, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც პენიტენციურ სისტემაში პატიმრებს აწამებდნენ; როდესაც ღირსების შელახვას და არაადამიანურ მოპყრობას სისტემური ხასიათი ჰქონდა.

დღეს ქართული ციხეები ევროპის მასშტაბით საუკეთესოა. რატი ბრეგაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების ადამიანური სახის ერთ-ერთი ზუსტი მაგალითი სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებია.

რატი ბრეგაძემ ციხის თანამშრომლებთან ერთად მადლობა გადაუხადა, ასევე, იმ პატიმრებს, რომლებმაც საკუთარი წარმატებული რესოციალიზაციით სხვა პატიმრებსაც მისცეს დადებითი მაგალითი.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ციხეებში განათლების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას. კერძოდ, პატიმრებს შეუძლიათ უმაღლესი განათლების მიღება „ციფრული უნივერსიტეტის“ საშუალებით, რომელიც ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (EuroPris)

3 საუკეთესო ინოვაციურ პროექტს შორის დაასახელა; პროფესიული ცოდნის შეძენა დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში; მათ მიერ შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია და შემოსავლის მიღება; სპორტის სხვადასხვა სახეობაში რეგულარული ვარჯიში და სპორტულ ფესტივალებში მონაწილეობა; წვდომა სახელმწიფო სერვისებზე იუსტიციის სახლის მეშვეობით, რაც მსოფლიოს მასშტაბით ინოვაციას წარმოადგენს.

პროგრესია პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში: სრულადაა დაძლეული ტუბერკულოზი; ხორციელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა; დანერგილია ინოვაციური სერვისი – ონლაინ კლინიკა, რაც პატიმრებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად ისარგებლონ სამოქალაქო კლინიკის სპეციალისტის კონსულტაციით.

გაუმჯობესებულია პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურა: გაიხსნა ლაითურის ციხე, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, აგრეთვე, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) რეკომენდაციებს; რუსთავში სრულდება მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა.

ამოქმედდა ახალი პენიტენციური კოდექსი, რომელიც აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ახალი პენიტენციური კოდექსის სიკეთეები თითოეულმა პატიმარმა უკვე გამოსცადა საკუთარ თავზე.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმაც. მან სისტემის წარმატებაში რიგითი თანამშრომლების როლს გაუსვა ხაზი.

ღონისძიება იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე გაიმართა, რომელიც რეგიონის მასშტაბით უნიკალური სივრცეა უნივერსალური და სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების განხორციელებისათვის. მას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელი პირები, მოწვეული სტუმრები.

IMG.GE
გაზიარება