Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შეუძლებელია ევროპის სივრცეში არსებობდეს პარტია, რომლის მიმართაც სტრასბურგის სასამართლოს ჰქონდეს გამოტანილი განაჩენი, სადაც წერია, რომ ამ პარტიის მმართველობის პირობებში ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს

მარშალ პრესი 03/09/2024
sozar subari

„ხალხის ძალა“, უკვე ორი წელია ვითხოვთ ძალიან დასაბუთებულად, რომ სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გასამართლდება, მანამ საქართველოში არ იქნება მშვიდობა; მანამ ქართული სახელმწიფო ვერ შედგება, როგორც ჩამოყალიბებული სახელმწიფო, რადგან ეს არის დამნაშავე პარტია და თუ დამნაშავე პასუხს არ აგებს და ისევ აქვს პოლიტიკაში ყოფნის სურვილი, ისევ ძალადობს ხალხის ცნობიერებაზე, ასეთ ქვეყანაში სიმშვიდე ვერ დამყარდება“, – განაცხადა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, შეუძლებელია, ევროპის სივრცეში არსებობდეს პარტია, რომლის მიმართაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰქონდეს გამოტანილი განაჩენი, სადაც წერია, რომ ამ პარტიის მმართველობის პირობებში ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს.

„მინდა გავაგრძელო თემა, რომელიც ქალბატონმა ნინო წილოსანმა დაიწყო დღეს – „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება. ხალხი 12 წელია ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებასო, თქვა ქალბატონმა ნინომ და სწორადაც თქვა, თუმცა ჩვენ, „ხალხის ძალა“, უკვე ორი წელია ვითხოვთ ძალიან დასაბუთებულად, რომ სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გასამართლდება, მანამ საქართველოში არ იქნება მშვიდობა; მანამ ქართული სახელმწიფო ვერ შედგება, როგორც ჩამოყალიბებული სახელმწიფო, რადგან ეს არის დამნაშავე პარტია და თუ დამნაშავე პასუხს არ აგებს და ისევ აქვს პოლიტიკაში ყოფნის სურვილი, ისევ ძალადობს ხალხის ცნობიერებაზე, ასეთ ქვეყანაში სიმშვიდე ვერ დამყარდება. ქალბატონმა ნინომ ევროპის ძალიან კარგი სტატისტიკა მოიყვანა, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებიდან 20 ქვეყანაში 150-მდე პარტიაა აკრძალული.

22 პარტია აიკრძალა უკრაინაში, 13 აიკრძალა საფრანგეთში, რუმინეთში – 19 და აღარ ჩამოვთვლი სხვა ქვეყნებს, მაგრამ არც ერთ ამ პარტიას არ აქვს ისეთი დანაშაული ჩადენილი თავისი სამშობლოსა და თავისი ხალხის წინაშე, როგორც -„ნაციონალურ მოძრაობას“. შეუძლებელია, ევროპის სივრცეში არსებობდეს პარტია (აკრძალულიც და მოქმედიც), რომლის მიმართაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰქონდეს გამოტანილი განაჩენი, სადაც წერია, რომ ამ პარტიის მმართველობის პირობებში ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს. ეს ორი ერთმანეთის შემავსებელი, მაგრამ განსხვავებული ცნებაა. სისტემური ნიშნავს, რომ დანაშაული ქცეული იყო სისტემად, იყო ცხოვრების წესი იმ პარტიის და იმ ხელისუფლების, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და ამას სჩადიოდა სისტემატურად. საქმეში „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წლის 16 თებერვალს, დეტალურად არის ჩამოთვლილი ის დანაშაულები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ სჩადიოდა (ამას აღარ გავიმეორებ).

ეს არის პარტია, რომელმაც ყველაფერი გაკეთა იმისთვის, რომ 2008 წელს არათუ აეცილებინა საქართველოსთვის ომი, არამედ, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველო ამ ომში ჩათრეული ყოფილიყო. ხოლო, როდესაც ომი დამთავრდა, ტერიტორიები დავკარგეთ და 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე წლის მერე, 2011 წლის 15 თებერვალს, მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასეთი ინტერვიუ მისცა ბრიტანულ გამოცემა „ინდიფენდენტს“: „ტერიტორია, რომელიც რუსეთმა დაიკავა, არის ქვების გროვა, რომელსაც ნულოვანი ღირებულება აქვს. გარდა იმ შემთხვევაში, თუ მას შეტევისთვის არ გამოიყენებენ.“

ეს არის დანაშაულებრივი პარტიის დამნაშავე პრეზიდენტის განცხადება! მან ეს ცხელ გულზე კი არ თქვა, არამედ ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. ანუ, საქართველოს შუაგული, სადაც ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა ხოლმე – შიდა ქართლი, თურმე ქვების გროვა ყოფილა.

150 სოფელი, რომელიც დავკარგეთ, ყოფილა ქვების გროვა, რომელსაც ფასი არ ჰქონია; კოდორის ხეობა, რომელიც ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში იყო პლაცდარმი ქართველობისა და საქართველოსი და რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორია იყო, ქვების გროვა ყოფილა. მარტო ქვების გროვა კი არ უწოდა ტერიტორიებს, არამედ მაშინდელმა ხელისუფლებამ მოსახლეობაც მიატოვა. ეს არის დანაშაული, რომლისთვისაც ისინი აუცილებლად უნდა გასამართლდნენ! არა მხოლოდ დატოვეს ხალხი იქ, არამედ, როცა კოდორის ხეობიდან ჯარი გამოდიოდა, ხალხს ეუბნებოდნენ – თქვენ დარჩით, არაფერი შეგეხებათ, არაფერი გემუქრებათო.

პირადად მე და რამდენიმე ადამიანი ვრეკავდით და ამ ადამიანებს ვეუბნებოდით, ეს არ დაეჯერებინათ. რადგან რუსეთმა ომი დაიწყო, ის აუცილებლად შევიდოდა იმ ტერიტორიაზე და მოსახლეობას უნდა დაეტოვებინა ის ადგილი, თორემ საფრთხე დაემუქრებოდა. მადლობა ღმერთს, ხალხმა დაგვიჯერა, მაგრამ ისინი [„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები] ასე ატყუებდნენ ხალხს და ამის გამო იყო, რომ 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯარმა დატოვა იქაურობა, როგორც ცხინვალის რეგიონი, ისე – კოდორის ხეობა. ეს არის დანაშაული, რისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია და ყველა მისი ხელმძღვანელი პირი უნდა გასამართლდეს!“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Continue Reading

Previous: ქართველ ხალხს წელს უწევს არჩევანი გააკეთოს მშვიდობასა და ომს შორის, ევროპულ ნათელ მომავალსა და წარსულის სასტიკ რეჟიმს შორის, თავისუფლებასა და მონობას შორის
Next: ზურაბიშვილი „ოცნებას“ ქართულ კოშმარად მოიხსენიებს, ზუსტად ისე როგორც ეს ნაცების მეგობარმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა გააკეთა, ის ადასტურებს რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი და პრეზიდენტი, დასავლეთის ნების აღსრულებით არიან დაკავებული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025