IMG.GE IMG.GE

“ქართული ოცნება“ არის ერთგული იმ შეთანხმების, რომელსაც მივაღწიეთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, განვახორციელეთ საკონსტიტუციო ცვლილება და დღეს უკვე დავასრულებთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს და გვექნება კიდევ ერთი პროგრესული დოკუმენტი იმისთვის, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები უფრო გამჭვირვალედ ჩატარდეს“ – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.  მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შეეტანათ ცვლილება და 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება.

„ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევძელით ისიც, რომ პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებით განვახორციელეთ ცვლილება კონსტიტუციაში და 2020 წელს არჩევნები პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად დაახლოებული წესით ჩატარდება. ჩვენ დღეს ვასრულებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღების საკითხს და დღის ბოლოს ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული საარჩევნო კოდექსი, რომელიც ქმნის გარანტიას გამჭვირვალობის, არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარების და ეს ყველაფერი ასოცირდება „ქართული ოცნების“ გუნდთან. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზოგადოების წინაშე კეკლუცობდნენ, რომ თითქოს მათ ჰქონდათ მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის, ეს მხოლოდ ლიტონ სიტყვებად დარჩა და მათ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი არ ასოცირდებიან პროგრესთან, ისინი არ ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და მათ არ აინტერესებთ საზოგადოების ინტერესები”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება