Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

საქართველომ პარიზის ოლიმპიადა ისტორიული შედეგით დაასრულა

მარშალ პრესი 12/08/2024
133

საქართველომ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე, ოლიმპიადაზე, ისტორიული შედეგი აჩვენა. 2008 წლის შემდეგ საქართველომ პირველად მოიპოვა სამი ოქროს მედალი; სულ კი შვიდი ოლიმპიური მედალი მიიღო და მედლების საერთო ჩათვლაში ისტორიაში პირველად 24-ე ადგილი დაიკავა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლიმპიადაზე ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიპოვა ლაშა ტალახაძემ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო. ის ასევე არის მსოფლიოს ისტორიაში მეხუთე ძალოსანი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა. ლაშა ტალახაძე მსოფლიოში პირველი ძალოსანია, რომელმაც მძიმე წონაში ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო.

ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური. ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა.

კარიერაში პირველად იზეიმა ოლიმპიური ჩემპიონობა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილის შემდეგ ის გახდა მეორე ქართველი სპორტსმენი, რომელმაც სამივე სინჯის მედლის მოპოვება შეძლო.

ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი. სადებიუტო ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალი მიიღო მოკრივე ლაშა გურულმა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 27 წლის ლაშა გურული გახდა მეორე ქართველი მოკრივე, რომელმაც ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პარიზში ოლიმპიური რეკორდი დაამყარა ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, ის მსოფლიოში ერთადერთი ქალია სპორტსმენია, რომელმაც მეათე ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა.

პარიზის ოლიმპიადაზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ისტორიაში პირველად იასპარეზა ქართველ ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა ნაკრებმა ლაშა ბექაურის, ლაშა შავდათუაშვილის, ილია სულამანიძის, ეთერ ლიპარტელიანის, ეთერ ასკილაშვილისა და სოფიო სომხიშვილის შემადგენლობით.

პარიზში საქართველოს ღირსებას ათ სპორტის სახეობაში 28 სპორტსმენი იცავდა. პარიზში სპორტის ოცდათორმეტ სახეობაში კი 10 000-ზე მეტმა სპორტსმენმა იასპარეზა.

შემდეგი ოლიმპიური თამაშები 2028 წელს ლოს-ანჯელესში გაიმართება. პარიზი კი 28 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით პარალიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე ისტორიაში პირველად სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზებს.

Continue Reading

Previous: ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იღებს იმ ფორმას, როგორიც უნდა ყოფილიყო თავიდანვე – პარტნიორული და არა პატრონული
Next: ამერიკელი სტუმრების მიზანი იყო, დაეფიქსირებინათ პოზიცია, რომ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედ ოპოზიციურ ძალებს აშშ-ს მთავრობა ყველა საშუალებით დაეხმარება ხელისუფლებაში მოსასვლელად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025