დავით ზალკალიანი – უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ წარმომადგენლობით ფორუმზე თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუღებლობა

196
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ წარმომადგენლობით ფორუმზე თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუღებლობა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მინისტრის შეფასებით, დღევანდელ ფორუმზე საჯაროდ გაჟღერებული გზავნილები მიანიშნებს, რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით.

„რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ წარმომადგენლობით, მაღალი დონის ფორუმზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, კერძოდ თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან საჯაროდ გაჟღერდა მიუღებლობა, რაც ხდება საქართველოში, კერძოდ, ჩვენს ოკუპაციასთან დაკავშირებით. მან ჩვენ მოგვიხსენია როგორც თურქეთის ძმები, ახლო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი სწორედ პრემიერ-მინისტრის ბოლო სახელმწიფო ვიზიტის დროს და მაშინაც მივიღეთ თურქეთისგან მყარი გარანტიები, რომ თურქეთი გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას უკვე ყველა საერთაშორისო ფორუმსა და ფორმატში და ჩვენ ამის კონკრეტულ შედეგებს ვხედავთ. ვიცით, რომ ძალიან მკაფიო იყო თურქეთის პოზიცია ნატო-ს ბოლო სამიტზე. დღევანდელ ფორუმზეც ეს საჯაროდ გაჟღერებული გზავნილები მიანიშნებს, თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით. მე მაქსიმალურად გამოვიყენებ ხვალ იმ შესაძლებლობას, რომ პანელზე ვისაუბრო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და ასევე, ჩვენს როლზე სამშვიდობო პროცესებში სამხრეთ კავკასიაში. ძალიან კარგი შესაძლებლობაა ასეთი ფორუმების გამოყენება ჩვენი მნიშვნელოვანი ინტერესების გასატარებლად და იმ მხარდაჭერის გასაზრდელად, რომელიც საქართველოს აქვს. აუცილებელია როგორც საჯარო მხარდამჭერი განცხადებები, ასევე ის, რომ ამას შემდგომ მოჰყვეს პრაქტიკული ნაბიჯები. დარწმუნებული ვარ, ასეთი ფორუმები და მაღალი დონის შეხვედრები სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ანტალიის დიპლომატიურ ფორუმის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე საუბრისას, საქართველო-რუსეთის კონფლიქტსაც შეეხო. მისი თქმით, „გადაუჭრელი კონფლიქტით გამოწვეული სირთულეები ჩვენმა ქართველმა ძმებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, ეს პროცესი ახლაც გრძელდება“.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება