ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ 2012 წლიდან დღემდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ეს ბრძოლა 2016, 2020 და 2021 წლებშიც საქართველოს და მისი სუვერენიტეტის გამარჯვებით დასრულდა. წინასწარ დაგეგმილი მცდელობის მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მფარველებს, საბოლოოდ, სამივე შემთხვევაში არჩევნების შედეგების აღიარება მოუწიათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა განმარტა, საქართველო ანალოგიური მოცემულობით ხვდება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც. მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს იმ ძალებზე, რომლებიც გასული 4 წლის მანძილზე, ქვეყანაში არეულობის შემოტანას და ომში ჩართვას ცდილობდნენ.
„საქართველო ანალოგიური მოცემულობით ხვდება 26 ოქტომბრის არჩევნებსაც. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშიც საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს იმ ძალებზე, რომლებიც გასული 4 წლის მანძილზე საქართველოში არეულობის შემოტანას და ქვეყნის ომში ჩათრევას გამალებით ცდილობდნენ. კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ აგენტურაზე, გაიმარჯვებს მშვიდობის პარტია ომის პარტიაზე.
კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველებისთვის ესაა ბოლო გაბრძოლება საქართველოში არეულობის შემოსატანად და მეორე ფრონტის გასახსნელად. „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოში მშვიდობის საბოლოოდ განსამტკიცებლად, გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული რადიკალიზმისა და პოლარიზაციის დასასრულებლად, სიმშვიდის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლის შესანარჩუნებლად, ეროვნული ღირსების დასაცავად და ამ ყველაფრის შედეგად, საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
თქვენი დღეები დათვლილია – ლორა თორნტონი “ქართულ ოცნებას”