IMG.GE IMG.GE

პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, განზრახ მკვლელობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის, დ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე; 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარუდგინა.

უწყების ცნობით, შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, დ.ნ-ს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ა.მ.-სთან და შ.მ.-სთან. დ.ნ.-მ, მის სახელზე რეგისტრირებული პისტოლეტიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, შურისძიების მოტივით განზრახ მოკვლის მიზნით დამიზნებით ესროლა შ.მ-ს და ა.მ-ს. შ.მ. მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ა.მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების გამო, საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დ.ნ. 2020 წლის 29 ივნისს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მის სახელზე რეგისტრირებული პისტოლეტი მჭიდში მოთავსებული 4 ცალი ვაზნით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დ.ნ.-სთვის წარდგენილი ბრალდება თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღესვე ბრალდების მხარე, ბრალდებულ დ.ნ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება