დავით ზალკალიანი: ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ქართველებს ბევრი წინააღდმეგობის გადალახვა მოგვიწია – განსაკუთრებული სიამაყით ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულეს და ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

970X90

ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე, ქართველებს ბევრი წინააღდმეგობის გადალახვა მოგვიწია. ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი წლებში გამოვიარეთ ომები და პოლიტიკური დაბრკოლებები. ამ ყველაფრის ფონზე, ბევრს არ სჯეროდა, რომ საქართველო წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევქმენით თანამედროვე ქვეყანა, რომელიც იმართება უმაღლესი დასავლური სტანდარტებით, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს. ზალკალიანი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, განსაკუთრებული სიამაყით ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულეს და ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს!

ოცდათერთმეტი წლის წინ, საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა თითქმის სამოცდაათწლიანი საბჭოთა მმართველობის შემდეგ. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ყველა იმ ძალისხმევის შედეგებს, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, ჩვენი დროის სირთულეებთან გამკლავებისთვის და ევროპულ ოჯახთან სრული ინტეგრაციისთვის გავწიეთ.
ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე, ქართველებს ბევრი წინააღდმეგობის გადალახვა მოგვიწია. ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი წლებში გამოვიარეთ ომები და პოლიტიკური დაბრკოლებები. ამ ყველაფრის ფონზე, ბევრს არ სჯეროდა, რომ საქართველო წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევქმენით თანამედროვე ქვეყანა, რომელიც იმართება უმაღლესი დასავლური სტანდარტებით. 2008 წელს ჩვენს ქვეყანაში რუსეთის შეჭრამაც კი, რასაც ჰუმანიტარული კატასტროფა და ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა, ვერ შეარყია ჩვენ მიერ აშენებული სახელმწიფოს მტკიცე საფუძვლები.

დღეს საქართველო მტკიცედ მიიწევს წინ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. 2014 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რამაც გააძლიერა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ევროკავშირთან.
საქართველო თანმიმდევრულად აგრძელებს ევროპული ინტეგრაციის გზას. ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ახლახან გაუგზავნა ევროკომისიას პასუხები ევროკავშირის სრულ კითხვარზე.
რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს სჭირდება დრო, ერთობა, მონდომება და ყველა ჩვენგანის აქტიური მუშაობა.
ევროპულ ოჯახში გაწევრიანება ყოველთვის იყო ჩვენი ხალხის ურყევი ცივილიზაციური არჩევანი. მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე, სწორედ დასავლეთში ინტეგრაციის ამბიციებმა გააერთიანა ქართველი ხალხი ერთი მიზნის გარშემო. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გააძლიერებს ჩვენს ეროვნულ ერთიანობას და გააქტიურებს რეფორმებზე ორიენტირებულ დღის წესრიგს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივაღწევდით დღევანდელ შედეგებს, ჩვენი წამყვანი სტრატეგიული პარტნიორისა და ყველაზე ერთგული მეგობრის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე. ოცდაათი წლის წინ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, საქართველოსა და აშშ-ს შორის ჩამოყალიბდა მყარი პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ფასეულობებზე.
ჩვენ ერთად ვიბრძოდით მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში, თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალების დასაცავად. ამერიკის მთავრობის და ამერიკელი ხალხის დახმარებამ ხელი შეუწყო საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. 30 წლის განმავლობაში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) $1.8 მილიარდზე მეტი დახმარება გამოყო საქართველოს დემოკრატიული, თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული ინსტიტუტების განვითარებისთვის და ქვეყნის დასავლური ორიენტაციის მხარდაჭერისთვის. აშშ-საქართველოს თავდაცვის სფეროში პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა, რაც აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტითაც დასტურდება. თავდაცვის სფეროში ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის და შეკავების გაძლიერების ინიციატივას (GDDE), რომელიც ეფუძნება 2018 წლის სასწავლო პროგრამას და აგრძელებს აშშ-საქართველოს უსაფრთხოების სფეროში გაფორმებულ მემორანდუმს ექვსი წლით.
აშშ-ის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საბოლოო მიზნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. აშშ-ს შეუძლია წამყვანი როლი შეასრულოს ნატოში საქართველოს წევრობის შესახებ კონსენსუსის ხელშეწყობაში და მხარი დაუჭიროს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგი გზა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, არ იყო მარტივი, მაგრამ ჩვენი ხალხის გამძლეობითა და ჩვენი პარტნიორების დახმარებით ჩვენ ჩამოვყალიბდით ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ ევროპასთან სრული ინტეგრაციის გზაზე.
დღეს, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ჩვენს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ უშუალოდ გვაქვს გამოცდილი თუ რა შედეგები მოაქვს რუსეთის აგრესიას და გვერდში ვუდგავართ უკრაინას და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
მიუხედავად დღევანდელი გამოწვევებისა, მე მჯერა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ნათელი მომავლის. ჩვენი ურყევი შემართებით და პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო გააგრძელებს განვითარებას როგორც ძლიერი, წარმატებული და გამთლიანებული ევროპული სახელმწიფო.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“, – წერს ზალკალიანი.

970X90
გაზიარება