Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების მილოცვა ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს

მარშალ პრესი 26/05/2022

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! მსურს თქვენ და ქართველს ერს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ. ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებულნი დამოუკიდებელი სულისკვეთებით და თავისუფლებისადმი ზიარი ერთგულებით.

საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას. დიდად ვაფასებთ თქვენს მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, მათ შორის ავღანეთში ჩვენი საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში.

საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობას. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს დაასრულოს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე. შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხისადმი მტკიცე პარტნიორობის აღმოჩენას რეფორმების განხორციელების პროცესში და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში სწორუპოვარი პოზიციის განმტკიცებაში“, – აღნიშნულია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანს თავის წვლილს რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში.

„თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გულითადად მწამს, რომ ორი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა: თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანს თავის წვლილს ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირადად თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობა და აღორძინება“, – აღნიშნავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ალიხან სმაილოვი ხაზს უსვამს, რომ საქართველო თავდაჯერებულად მიიწევს თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების გზაზე.

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
საქართველო თავდაჯერებულად მიიწევს თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების გზაზე.

ეს წელი განსაკუთრებულია ჩვენი ურთიერთობებისთვის, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირების დამყარების 30-ე წლისთავს. დარწმუნებული ვარ, რომ ტრადიციულ მეგობრობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა, მომავალშიც განაგრძობს გაძლიერებას ჩვენი ხალხების სასიკეთოდ.

ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ ჯანმრთელობას და ენერგიას, დიდ წარმატებებს ამ მნიშვნელოვან სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ქართველ მეგობრულ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, – აღნიშნავს ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბულგარელი კოლეგისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსთან.

„ბულგარელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გილოცავთ 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ეროვნულ დღესასწაულს. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ ბულგარეთის რესპუბლიკის მზადყოფნა და სურვილი ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების და საერთო ინტერესების ყველა სფეროში ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით. ბულგარეთის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსთან. ამ მხრივ, ვსარგებლობ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ბულგარეთის მთავრობის მზადყოფნა, შემდგომშიც ითანამშრომლოს თქვენთან თქვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის რეალობად ქცევის გზაზე. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, – აღნიშნულია კირილ პეტკოვის მილოცვაში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავიეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავს აღვნიშნავთ. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩვენ წარმატებით განვავითარეთ ჩვენი კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტები – იმედი მაქვს, რომ ჩვენს ერებს შორის წარმატებული თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების გზაზე,“ – აღნიშნულია წერილში.

მათეუშ მორავიეცკი ხაზს უსვამს, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდაჭერას, მათ შორის, ევროკავშირში წევრობის განაცხადის განხილვისას.

პოლონეთის პრემიერი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების შემდგომ გაძლიერებას, ხოლო მთავრობის მეთაურს ქვეყნის სამსახურში წარმატებას უსურვებს.

„რეგიონისთვის ამ განსაკუთრებით მძიმე დროს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საჭიროა შიდა სტაბილიზაცია და სოციალური ნდობის განმტკიცება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება მოწონებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ,“– აღნიშნავს მათეუშ მორავიეცკი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ლი კეციანის თქმით, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითია და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით სტაბილურად ვითარდება.

„ჩინეთის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მთავრობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ წარმატებებს.
ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითია. ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით სტაბილურად ვითარდება. ჩემი სურვილია თქვენთან თანამშრომლობის გაღრმავება „სარტყლისა და გზის“ ერთობლივი მშენებლობის ფარგლებში, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს ურთიერთობებს და მეგობრობას ჩინეთსა და საქართველოს შორის და მომავალში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს“, – აღნიშნავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს პრემიერი.

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ჩეხეთი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა თქვენი ქვეყნის დღესასწაულთან – საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან – დაკავშირებით.

უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამ კონტექსტში, საქართველოს სტაბილურობა და მედეგობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია – გადამწყვეტი.

მსურს გარწმუნოთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ამ გზაზე საქართველოს გვერდით დგომას. გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

Post navigation

Previous: ოპოზიციად მიჩნეული კრიმინალური ძალა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს და ხელისუფლებას აქტივში არ ჩაეწეროს
Next: ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც; „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ გეგმამ კონკრეტული სახე შეიძინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.