ირაკლი კობახიძე ნინოწმინდის პანსიონზე: ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური, ვიდრე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ

242
წაკითხვა/ნახვა
mpn

ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ ცალსახად, რომ ნინოწმინდის პანსიონში უნდა შესულიყო სახალხო დამცველი, ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა, უნდა შესულიყო და უნდა შევიდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„რაც შეეხება იმას, რომ სახალხო დამცველის შეშვება არ შეშვება იძლევა იქ სპეცოპერაციის ჩატარების ან პანსიონის დახურვის საფუძველს, სამართლებრივად გეტყვით, რომ არ იძლევა. მელიას შემთხვევაში იყო სხვა ვითარება. მას ჰქონდა ჩადენილი კონკრეტული სავარაუდო დანაშაული, არ გადაიხადა გირაო, გამოიწვია სახელმწიფო და კანონი იყო აღსასრულებელი პირდაპირი ფორმით. ის, რომ საპატრიარქოს არ უნდა დაუპირისპირდეს ხელისუფლება ეს არის ძალიან მარტივი რამ. თუ ოდნავი ეჭვიც კი არსებობს ბავშვებთან დაკავშირებით, ბუნებრივი, იქ მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება და ჩარევაც, ამიტომ ეს განსაკუთრებული ყურადღება რჩება, ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური, ვიდრე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარებმა „ქრონიკასთან“ ისაუბრეს. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე – იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.

5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მეუფე იაკობის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში იმდენი ბავშვი დარჩება, რამდენსაც მოესურვება.

ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

კომენტარები
mpn
მოწონება