IMG.GE IMG.GE

თუ დღევანდელი სიტუაცია შევინარჩუნეთ არჩევნების ჩატარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება , – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

„განვიხილეთ პრინციპების დონეზე წარმოდგენილი დოკუმენტი, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, როგორ უნდა მისცენ ხმა კოვიდინფიცირებულებმა, კარანტინში მყოფებმა და ასევე თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა. ეს პრინციპები დაკონკრეტდება ცესკო-ს შესაბამის ნორმატიულ აქტებში, რომელიც შემუშავდება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. აქ საუბარია, როგორც ამომრჩევლის უსაფრთხოებაზე, რომ დაცული იყოს მისი უსაფრთხოება, ასევე საარჩევნო კომისიის წევრების უსაფრთხოებაზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები, იმ ნორმატიულ აქტებში მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ, რომელიც ცესკო-მ უნდა შეიმუშაოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი და „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების პირობები განიხილეს.

ქვეყანაში კორონავირუსი 926 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 791 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2687 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 207.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE