„სეირნობა თბილისში“ – ფრანგულმა გამოცემამ „ლე ფიგარო“ საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა

471
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა „ლე ფიგარომ“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალში თბილისი, ქართული სამზარეულო და მეღვინეობა არის აღწერილი.

უწყების ცნობით, საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის გაზრდის და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტისა და ფოტოგრაფისთვის საქართველოში პრესტური გამართა.

„საქართველოს მთავარი გამზირი სახელგანთქმული მწერლის სახელს ატარებს. ეს აქაური ელისეის მინდვრებია, სადაც ულამაზესი შენობებია განლაგებული. მათ შორის, რენესანსულ-კავკასიური სტილის ოპერის შენობა. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ცარისტული გავლენის ქვეშ მყოფი ქალაქი სწრაფად ვითარდებოდა. შედარებით შეძლებულმა ხალხმა აქ აიშენა მცირე სასახლეების მსგავსი ვილები, როგორიცაა მაგალითად, ამჟამინდელი სახვითი ხელოვნების სკოლა „ათასერთი ღამის“ სასახლის მსგავსი ინტერიერით, სარკეებიანი დარბაზებით, დამზადებული (ირანელი ყაჯარი ოსტატების მიერ) ყაჯარის სტილში.

რაც შეეხება მწერალთა სახლს, ეს არტნუვოს სტილის ნამდვილი სამკაულია, სადაც მწერლები ბინადრობდნენ და სადაც ლიტერატურული შეხვედრები იმართებოდა, მსგავსი შეხვედრის მონაწილე ნობელის პრემიის ლაურეატი, სვეტლანა ალექსიევიჩი გახლდათ. მწერალთა სახლში, ახლო მომავალში, საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მწერლებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.

„ძალიან ბევრი ქართველი დღემდე ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის შვილი სტალინი, გმირი იყო”, – გვიხსნის მუზეუმის ენერგიული დირექტორი ნატაშა ლომოური.

„სკოლებში ცუდად ისწავლება აღნიშნული პერიოდის ისტორია, ჩვენ კი ვცდილობთ, აღვადგინოთ იმდროინდელი რეალობა“, – წერს „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტი და თბილისის აღწერასთან ერთად სტატიაში მნიშვნელოვან დროს უთმობს ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს.

„ამ ქვეყანაში ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდს იყენებენ. საქართველომ, თავისი ნაყოფიერი და ღვთის მიერ დალოცვილი ნიადაგის წყალობით, ღვინის წარმოება რვა ათასი წლის წინ დაიწყო“, – წერს „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტი.

„ღვინო და ქართული სამზარეულო სულ უფრო მეტ ფრანგს იზიდავს“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. „მე ყოველთვის მინდოდა მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის განვითარებაში ჩემი პროფესიული გამოცდილების გამოყენებით, თუმცა, ამდენზე არც მიოცნებია“, – გაგვანდო პროევროპელმა პრეზიდენტმა.

მართლაც, რა მოხდება, თუ ამ პატრიარქალური და ტრადიციებით გაჟღენთილი ქვეყნის განახლება ქალების ხელით მოხდება? ამ ქვეყანაში ყველა ქალბატონში თამარ მეფის სისხლი ჩქეფს, რომელმაც მე-12 საუკუნეში სამეფო „ოქროს ხანად“ წოდებულ ეპოქამდე მიიყვანა. ეს ფიქრები ჩვენ თან გვდევს, როცა ქალაქის ირგვლივ არსებულ, კლდის ყვავილებით მოფენილ სიმაღლეებზე ავდივართ. „ქართლის დედის“ ქანდაკებასთან ჩურჩულით წარმოვთქვამთ – „თბილისი“.

ეს სახელი ნიშნავს „თბილს“ თბილი წყლების მსგავსად. ასე რომ, აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება“, – წერს „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, „ლე ფიგაროს“ ჟურნალი ყოველკვირეულად 370-ათასიანი ტირაჟით იბეჭდება, ხოლო ვებგვერდს ყოველთვიურად 146 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება