თანამდებობიდან გადამდგარმა პირებმა სამარცხვინო კამპანია დაიწყეს, მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ გეგმა „ბე“ – სოზარ სუბარი

348
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

თანამდებობიდან გადამდგარმა პირებმა სამარცხვინო კამპანია დაიწყეს, მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ გეგმა „ბე“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეების მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სუბარის თქმით, როგორც განიმარტა, მათ თანამდებობების დატოვება იმის გამო მოუწიათ, რომ საქმეს აღარ აკეთებდნენ.

„რამდენიმე თანამდებობის პირმა თანამდებობა დატოვა და კიდევ რამდენიმე გაათავისუფლეს. როგორც განმათავისუფლებლებმა განმარტეს, ეს ადამიანები ბოლო პერიოდში საქმის კეთებას შეეშვნენ და გადასული იყვნენ კონკრეტული პარტიის თუ კონკრეტული პირის აგიტაციაზე, გასაკეთებელი საქმე კი უამრავია. ზოგადად, მერის მოადგილე არის პარტიული თანამდებობა და შესაბამისად, არჩევანი უნდა გააკეთონ: ან საქმე აკეთონ, ან თავიანთ პარტიულ საქმიანობას მიხედონ და ოდესმე თუ ეღირსებათ, რაც არ მოხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ექნებათ საშუალება, იყვნენ მერებიც, მოადგილეებიც და პარლამენტის თავმჯდომარეებიც. რაც შეეხება „დასასრულის დასაწყისს“, თავიდან სხვა რიხით დაიწყეს ამ ადამიანებმა, თუმცა ბოლო პერიოდში მიხვდნენ, რომ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ და ძალიან სამარცხვინო კამპანია დაიწყეს. ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ რეგიონებში დადიან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ ვარიანტი „ბე“, ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა. ამით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღეს თანამდებობა დატოვეს ხაშურის მერის მოადგილემ, ზურ როსებაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა – ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა, ფოთის მერის მოადგილეებმა – პაატა ლაგვილავამ და კონსტანტინე თოფურიამ, მარტვილის მერის მოადგილემ, აკაკი ხუნწელიამ და სენაკის მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება