ეს წელი, ძალიან გადამწყვეტი და საქართველოსთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელია – სალომე ზურაბიშვილი

153
წაკითხვა/ნახვა

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა დღეს ორბელიანების სასახლეში პირისპირ და სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით გამართული შეხვედრების შემდეგ „საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად“ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენ იმყოფებით საქართველოში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში და ამ პირველივე ვიზიტზე ხელი მოვაწერეთ ამ ერთობლივ განცხადებას/დეკლარაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღრმავებს ჩვენი, ორი ქვეყნის ურთიერთობას, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როცა ვიცით, რომ გვყავს ასეთი მყარი მეგობარი, რომელიც მოგვყვება ამ რთულ გზაზე.

ეს წელი, ძალიან გადამწყვეტი და საქართველოსთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელია. ჩვენ დავძლიეთ შიდა პოლიტიკური კრიზისი და ამ დაძლევაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სწორედ ევროკავშირმა. ეს იყო ნიშანი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა და სტაბილურობა ამ რეგიონში. ეს ნიშანი არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ!

ასევე, მნიშვნელოვანია ეს წელი თვით საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში, რამეთუ ჩვენ გვექნება არჩევნები ოქტომბერში, და აქაც ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს სტაბილურობა კიდევ გაღრმავდება და ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი, ვიტყოდი, იმისთვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ევროკავშირს და მოვახდინოთ მასში ინტეგრაცია. 

ეს წელი მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ სამწუხაროდ, ოკუპაციის კუთხით არათუ ვხედავთ დეესკალაციის რამე ნიშანს, არამედ პირიქით, გრძელდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზზე, გრძელდება ადამიანების გატაცებები. გვაქვს გახელაძის სამწუხარო მაგალითი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ისურვა და გუშინვე მინახულა საოკუპაციო ხაზი, შეხვდა ადამიანებს და გაეცნო მათ მძიმე მდგომარეობას. პრეზიდენტის მისვლა საოკუპაციო ხაზზე ალბათ, ძალიან ბევრის მეტყველია და ჩვენს სტუმრებსა და ჩვენ მეგობრებს აჩვენებს თუ, რამდენად მძიმე და რთულია ეს მდგომარეობა და ეს კიდევ უფრო ამხნევებს მათში ჩვენი დახმარების სურვილს.

ეს მნიშვნელოვანი წელია იმ კუთხითაც, რომ ევროკავშირთან, ისევე როგორც ნატო-სთან მიმართებაში ძალიან სერიოზული თარიღები გვაქვს. 14 ივნისს  ნატო-ს სამიტი იმართება. შეხვედრისას ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ სამიტის ფარგლებში იყოს ნახსენები საქართველოს და უკრაინის საკითხი და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა – ჩვენ მივიღოთ იმის ნიშნები, თუ რა გზით და რა ფორმით ვაგრძელებთ ჩვენი ინტეგრაციის გზას.

საკითხები, რომელიც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს, რომელზეც ვისაუბრეთ და რომელიც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია არის კიბერუსაფრთხოება და შავი ზღვის უსაფრთხოება. ამ კუთხით გავაგრძელებთ მუშაობას და თანამშრომლობას.

ევროკავშირთან მიმართებაში აღვნიშნე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო შარლ მიშელის ჩართულობა ჩვენი შიდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელსაც ველოდებით და ამ დროს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამი ასოცირებული ქვეყანა – უკრაინა, მოლდოვა და საქართველო წარვადგენთ ჩვენს ერთობლივ ხედვას ბათუმის კონფერენციაზე, რომლის ფარგლებში შედგება ასეთი სამიტი და ჩვენი ხედვების განხორციელებაში, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი უახლოესი პარტნიორების, ევროკავშირის წევრების მხარდაჭერა, რადგან ევროკავშირთან მიმართებაში დღეს მოვიდა იმის დრო, რომ ჩვენ დავინახოთ ძალიან კონკრეტული მაგალითები – თუ როგორ შეიძლება დაახლოება, ეს იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების საშუალებით, შავ ზღვაზე სატრანსპორტო პროგრამებით, თუ სხვა სექტორული ინტეგრაციის მეშვეობით. 

ეს არის ის, რაც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დავინახოთ როგორ ვუახლოვდებით ევროკავშირს – ეს იქნება ტრეინინგები, თუ სხვა ფორმის რეგიონალური თანამშრომლობა. ჩვენი მეგობარი ქვეყნები კი, არიან მზად იმისთვის, რომ გააგრძელონ და გააღრმავონ თანამშრომლობა ჩვენთან და იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები და ელჩები თვით ევროკავშირის სხვადასხვა ფორმატებში. 

ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. მივიღეთ დაპირება, რომ ლიეტუვა დაგვეხმარება ვაქცინების კუთხით და ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას, (რომელიც ჯერ კიდევ დასაზუსტებელი არის) გადმოგვცემს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სოლიდარობის ნიშანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე სოლიდარობის ნიშნები ჩვენ მივიღოთ სწორედ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ძალიან დაფასებული იქნება. 

ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ უნდა გაფართოვდეს კიდევ ჩვენი ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობები, ამ მიმართულებით ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია და აღვნიშნე, რომ ჩვენი საზღვრები ღიაა ვაქცინირებული და პი-სი-არ ტესტიანი ადამიანებისთვის. საქართველოსთვის ძალიან საჭიროა, რაც შეიძლება ჩქარა აღდგეს ტურისტული ურთიერთობები, რაც ამ ძალიან რთული პერიოდის შემდეგ, ჩვენი ეკონომიური აღდგენის ძალიან დიდ ნაწილს წარმოადგენს. ვიცით, რომ საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი არსებობს ჩვენი მეგობარი ქვეყნების მოსახლეობისგან და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ამ ზაფხულშივე ძალიან ბევრ ტურისტს. 

შეხვედრისას ასევე, ვისაუბრეთ კულტურულ ურთიერთობებზე. საჭიროა, რომ ჩვენს მოქალაქეებს შორის უფრო მეტი მჭიდრო კულტურული ურთიერთობები არსებობდეს. განვიხილეთ იმის შესაძლებლობა, რომ როგორც რამდენიმე წლის წინ, ასევე დავგეგმოთ საქართველოს დღეები ლიეტუვაში და ლიეტუვის დღეები საქართველოში და ამით გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ურთიერთგაგება. ესეც ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ფორმაა.

მივესალმები იმას, რომ დღევანდელი დღე ერთობლივი განცხადების/დეკლარაციის ხელმოწერით დაიწყო. იმედი მაქვს, რომ ეს გაგრძელდება და სხვა შეხვედრების დროს კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენ ურთიერთგაგებასა და მხარდაჭერის კონკრეტული ფორმების მოძიებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დღევანდელ დღეს, ასევე ჩვენი, ორივე ქვეყნის მომავლისათვის.”- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები
მოწონება