NCDC: საქართველო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოს პირველ ოცეულშიც კი არ შედის

176
წაკითხვა/ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ქვეყანა მილიონ მოსახლეზე გადათვლით სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, დეზინფორმაციას უწოდებენ. ცენტრის დირექტორის მრჩეველი, ნათია სხვიტარიძე განმარტავს, რომ ეს არასწორად ინტერპრეტირებული მონაცემებია და ინფორმაციის გამავრცელებელს შეგნებულად აქვს შერჩეული და მონიშნული ის ქვეყნები, სადაც ამ ეტაპზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია. ოფიციალური საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოს პირველ ოცეულშიც კი არ შედის.

„წარმოდგენილი ინფორმაცია არის არასწორად ინტერპრეტირებული. შერჩეული ქვეყნები, სადაც საქართველო ამ სურათზე არის წარმოდგენილი წამყვან ქვეყნად, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან შედარებული არის იმ ქვეყნებთან, სადაც ამ წუთებში სიკვდილიანობა არის ძალიან დაბალი. რეალური ციფრით, ოცეულშიც არ მოიაზრება საქართველო ოფიციალურად დადასტურებული ციფრებით“, – აღნიშნა ნათია სხვიტარიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 324 256 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 303 679, გარდაიცვალა 4336 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.

კომენტარები
მოწონება