IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისის მერმა, კახა კალაძე თბილისში, წერეთლის გამზირზე გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო შსს-ს მადლობა გადაუხადა.

„გუშინდელ ფაქტს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, შსს-ს, მინისტრს, თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველაფერი დასრულდა მშვიდობით“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით, 16:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ლ.ზ. არის დაკავებული. ​სამინისტროს ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში ის 20 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE