სხვა დროისთვის რომ იცოდეთ – ბონდო მძინარაშვილი

IMG.GE

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და წერს:

სხვა დროისთვის რომ იცოდეთ:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს სახლში კი არა, საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა.
ახლავე აგიხსნით, რა განსხვავებაა სახლსა და საცხოვრებელ რეზიდენციას შორის:

სახლი ის არის, სადაც ცხოვრობდი თანამდებობაზე დანიშვნამდე და სადაც იცხოვრებ თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც, ანუ შენი იყო და შენი იქნება.
საცხოვრებელი რეზიდენცია კი ის არის, სადაც ცხოვრობ თანამდებობაზე ყოფნის დროს.

ამ განსხვავებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სტოლტენბერგი ამ რეზიდენციაში ცხოვრობს, როგორც ნატოს გენერალური მდივანი და, პირადის გარდა, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობის ღია თუ დახურულ შეხვედრებს მართავს.

და როდესაც სტოლტენბერგი ამ თანამდებობაზე აღარ იქნება, ამ რეზიდენციაში იცხოვრებს სხვა, ანუ ნატოს ახალი გენერალური მდივანი, რადგან ამ რეზიდენციას განსაკუთრებულად მეთვალყურეობენ და აღჭურვილია დაცვისა და უსაფრთხოების სპეციალური სისტემებით. შესაბამისად, ამ რეზიდენციაში გამართული შეხვედრების თვალთვალი და საუბრების მოსმენა პრაქტიკულად გამორიცხულია.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის იენს სტოლტენბერგთან ნატოს გენერალური მდივნის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვედრა იმ გამონაკლისებს შორის არის, ამ რეზიდენციის ისტორიაში რომ ჩაიწერება.

ვისაც ამ ფაქტის მნიშვნელობა არ ესმის, ის იმასაც ვერ მიხვდება, რა დავწერე. მეგობრებო, კოლეგებო, ფაქტის მნიშვნელობის დაკნინების მცდელობით მხოლოდ საკუთარ უგუნურებას ამჟღავნებთ, რაც ძალიან გულსატკენია და ფრიად მამწუხრებს.

აღარაფერს ვამბობ, ამ შეხვედრამდე, ზოგიერთი პოლიტიკოსის და ჟურნალისტის აბსოლუტურად არაადეკვატურ ინსინუაციებსა და ფანტაზიის მასშტაბზე, რაც ასევე ფრიად მაეჭვებს.
რა გჭირთ, ხალხო, ეს რა დაიმართეთ?!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

IMG.GE
გაზიარება