ასეთი უნივერსიტეტი არ არის საქართველოში – პრემიერი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (ვიდეო)

463
წაკითხვა/ნახვა

განათლების გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, ვინაიდან განათლება არის ის მყარი ფუნდამენტი, საფუძველი იმისა, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განაცხადა. მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და პირველკურსდამთავრებულებს შეხვდა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, პირველი კურსის დამთავრება. ეს მართლაც არაჩვეულებრივი გარემო, რომელიც შეიქმნა ფონდ „ქართუს“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და დახმარებით, არის მართლაც უნიკალური პროექტი, ევროპული ტიპის უნივერსიტეტი როგორც ხარისხით, ასევე განათლების დონით, სადაც გეძლევათ საშუალება, მიიღოთ ევროპული დონის განათლება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია უნივერსიტეტის განვითარების შემდგომი ეტაპი, თანამედროვე სპორტული კომპლექსით და სხვა შენობებით, რომელიც უახლოეს პერიოდში შეემატება უნივერსიტეტს.

„განათლებაში ჩვენ ძალიან დიდი თანხების ინვესტირებას განვახორციელებთ. განათლების გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, ვინაიდან განათლებული თაობა არის ის მყარი ფუნდამენტი, საფუძველი იმისა, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი საქართველო. მინდა, ყველას წარმატება გისურვოთ.

მეც ახალგაზრდა ვარ და ადრეულ ასაკში მომეცა შესაძლებლობა, ჩავრთულიყავი სახელმწიფო სამსახურში. მანამდე, მოგეხსენებათ, ვმუშაობდი კერძო სექტორში და ჩემი გამოცდილებით მინდა გირჩიოთ, მიიღეთ ჩემი თავმდაბალი რჩევა, მივცემ თავს ამის უფლებას – ყველაზე მთავარი, რაც მე საკუთარ თავზე გამოვცადე და რამაც განაპირობა შემდგომი წარმატებები არის შემდეგი: რამდენიმე აუცილებლად გასაკეთებელ საქმეს გამოვყოფ – პირველი, ეს არის თავდადება და თავგანწირვა. თუ ადამიანმა, სტუდენტმა, ახალგაზრდამ პირველ რიგში, მიზანი არ დაისახა, ისე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეიძლება ისწავლოს, უსაზღვრო განათლება მიიღოს, მაგრამ ეს განათლება და ნიჭი ვერ გამოიყენოს. ჩემი თავმდაბალი რჩევა იქნება, ჯერ მკაფიოდ ჩამოყალიბდეთ მიზანზე – თქვენი მიზანი უნდა იყოს ძლიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რა უნდა იყოს თქვენი მთავარი ოცნება, თქვენი მისაღწევი უდიდესი მიზანი. გირჩევთ, რომ ეს თამასა აწიოთ უმაღლეს დონეზე. არ უნდა დაიწყოთ პატარა მიზნით, დაიწყეთ ყველაზე დიდი მიზნით. მეორე, რაც მინდა გირჩიოთ, არის თავდადება – ამ მიზნისკენ მუხლჩაუხრელი, 24-საათიანი შრომა. ყოველი ჩვენი მიღწეული წარმატება, იქნება ეს პირველი კურსის დამთავრება, მეორე კურსის დამთავრება, ჩვენს წარმოსახვაში უნდა გვაახლოებდეს ამ მიზანს. ჩვენ თუ ამ სულისკვეთებით ვივლით, ყველა მიაღწევთ დიდ ოცნებას და მიზანს, იმიტომ, რომ მიუღწეველი არაფერია, თუ ადამიანი დაისახავს მიზანს, ის ყველაზე წარმოუდგენელ ოცნებას და მიზანს აუცილებლად მიაღწევს“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს.

კომენტარები
მოწონება