IMG.GE IMG.GE

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, საუბარია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომლებიც ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების საფუძველზე დამუშავდა.

თალაკვაძის განმარტებით, კარგი საარჩევნო პრაქტიკის მიხედვით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა შევიდეს არჩევნებამდე რაც შეიძლება ადრე, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ცვლილებების შესაბამისად მომზადება მოასწრონ.

„ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს საქართველოსადმი მიცემული რეკომენდაციები, რომელზეც პრაქტიკულად ჩვენ ვიცით, როგორც ადგილობრივი ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ასევე ჩვენი პარტნიორების პოზიცია. მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა გამოხატული პოლიტიკური ნება, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ასახულიყო ეს რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში.

ჩვენ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან, პარტნიორებთან, ექსპერტებთან ერთად ვიმუშავეთ ამ თემაზე და მომზადდა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს.

რატომ გვინდა რომ ეს სწრაფად მივიღოთ? გვსურს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ჯეროვანი საარჩევნო პრაქტიკის, კარგი საარჩევნო პრაქტიკის მიხედვით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა შევიდეს არჩევნებამდე რაც შეიძლება ადრე, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა მოასწრონ, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მოასწრონ მისი დამუშავება, მოასწრონ მომზადება ამ ცვლილებების შესაბამისად. ამიტომ მე გთხოვთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ მომდევნო 10 დღე იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცდეს“,- განაცხადა თალაკვაძემ, რომელმაც ცვლილებების არსი განმარტა.

„მეგობრებო, კოდექსში შედის ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები, როგორიც არის დაფინანსების ახალი სისტემა პარტიებისთვის, რაც რეალურად თვისობრივად ახალ, სამართლიან და ამავე დროს ჯანსაღ მოდელს სთავაზობს პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის პროპორციული, რეგრესული ფორმულა დაფინანსების, სადაც პარტიები მიიღებენ იმდენ დაფინანსებას, რამდენ მხარდაჭერასაც არჩევნებზე.

ამავე დროს, მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიები, ანუ, ის პარტიები, რომლებსაც ყველაზე პატარა მხარდაჭერა აქვთ, არის შედარებით ახალი პარტია, თუ არის პარტია, რომელსაც ჯერ არ გააჩნია დიდი პარტიული ინფრასტრუქტურა, მიიღებენ დამატებით დაფინანსებასაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ პარტიების დაფინანსების პროცესში ჩაკეტილ წრეზე სიარულს, როდესაც მხოლოდ დიდი და გამარჯვებული პარტიები იღებდნენ ყველაზე მეტ დაფინანსებას.

ეს სისტემა უკვე წაახალისებს ახალ და მცირე პარტიებსაც, რათა ყოველი შემდგომი არჩევნებისთვის ისინი უკეთ მოემზადონ და უფრო მეტად შეძლონ თავისი პროგრამებისა და თავისი ლიდერების გაცნობა საზოგადოებისათვის.

გარდა ამისა, იცვლება კამპანიის ჩატარების წესები. ჩვენ შემოგვაქვს უფრო მკაცრი შეზღუდვები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. კონკრეტულად არჩევნების დღესთან დაკავშირებული რეგულაციები იცვლება, არის მთელი რიგი სიახლეები, რომელიც საარჩევნო კამპანიას და არჩევნების დღეს გახდის კიდევ უფრო გამჭვირვალეს, თავისუფალსა და დაბალანსებულს, თანაბრად ხელმისაწვდომს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის.

ბუნებრივია, ამ ცვლილებებით ჩვენ არ ვასრულებთ საარჩევნო რეფორმებს, ეს არის ის, რაც 2020 წლის არჩევნებისთვის იქნება შესაძლებელი რომ გავაკეთოთ. ამავე პაკეტში შედის „კოვიდ-19“-თთან დაკავშირებული უსაფრთხოების რეგულაციები, რომელზეც დღეს ჩვენ შევიკრიბებით ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად. ესეც საარჩევნო კოდექსის ნაწილი იქნება, ვინაიდან „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რისკების გათვალისწინება, ამ რისკების გადაზღვევა არჩევნების დღეს, არის ჩვენი საერთო ამოცანა და ამაზე ფართო კონსენსუსი არსებობს, როგორც ჯანდაცვის სამსახურებს, ასევე პოლიტიკურ სპექტრს შორის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE