Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 18/03/2024
520

მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართული ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია.

„ბატონო გენერალურო მდივანო ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მასპინძლობა. 

მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. 

ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს. თუმცა, თქვენი ლიდერობით, მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად.

მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო ნატოს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 

საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. წლების მანძილზე, ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.  

თავის მხრივ, ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს  საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. 

დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. „მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის“ იდეა საფრთხის ქვეშაა. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ.

ბატონო გენერალურო მდივანო, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გამოხატულება. მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა
Next: კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში, ჩვენ მხარდამხარ ვივლით წინ ნატოს მიმართულებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025