დარწმუნებული ვარ, ნიკა მელიას არჩევნებზე არანაირი შანსი არ ექნება, ყველა მიხვდა, რომ ცრუ რევოლუციური ძალისხმევები ამ ქვეყანას არ სჭირდება

1030
წაკითხვა/ნახვა

საერთოდ არ მაინტერესებს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა კონსულტაციები დაიწყო. ფაქტია, რომ რევოლუცია უნდოდათ, არ გამოუვიდათ და ახლა თავჩაქინდრულები არიან და ვითომ რაღაც კონსულტაციებს იწყებენ. „ნაციონალები“ შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში, საერთოდ არ არის აქტუალური, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ამ ქვეყანაში აქტუალური და პრობლემური არის ის, რომ ვაქცინაცია მიდის ძალიან დაბალი ტემპით, შესაბამისად ეკონომიკა ვერ იხსნება, ტურისტები ვერ შემოდიან და სიღატაკეში იხრჩობა ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, თვითონ „ნაციონალებს“ და ერთი-ორი კინკილა ტელევიზიის გარდა საერთოდ არავის არ აინტერესებს პარლამენტში შემოვლენ თუ არა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ოპოზიციის მერობის ერთიანი კანდიდატი იყოს ნიკა მელია, ელისაშვილი პასუხობს, რომ მას შანსი არ აქვს.

„დარწმუნებული ვარ არანაირი შანსი არ ექნება. ყველა მიხვდა, რომ ეს რაღაც ცრუ რევოლუციური ძალისხმევები ამ ქვეყანას არ სჭირდება. არანაირი შანსი არ ექნება ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ. ერთიანი კანდიდატი ვერ იქნება ისეთი პირი უჩანს. ყოველ შემთხვევაში ჩვენი პარტია სერიოზულად ვფიქრობთ, რომ კანდიდატი გვყავდეს. შესაძლოა, კანდიდატი მე ვიყო, ამაზე ვფიქრობ, თუმცა ჯერ ადრეა. საერთოდ არ მაინტერესებს, რას ფიქრობს და მას რა დასკვნები გამოაქვს. ჩემთვის აქტუალური არ არის. ოპოზიციური ერთიანობა, ეს არის ბლეფი. ეს სააკაშვილის ერთადერთი მიზანი იყო, რომ ყველა თავისი ქოლგის ქვეშ ჰყოლოდა. ჩვენთვის ოპოზიციური ერთობა იყო ძალიან კონკრეტული მიზნის მიღწევის საშუალება. ვეღაცებისთვის თვითმიზანი იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთადერთი დესტრუქციული და სხვებისთვის ხელის შემშლელი ძალიან ხშირად, რომ საერთო რაღაცეები ყოფილიყო. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დასდევდა ქუჩაში ხალხს და ნაგვის ყუთს ახურავდა თავზე ბათუმში, ახლა კი თვითონ, რომ ლაპარაკობენ შეიძლება პარლამენტში შევიდესო, ეს ნორმალურია? რა გმირობაზე ვლაპარაკობთ. სხვებს, რომ დასდევდნენ და ნაგვის ყუთებს აფხატებდნენ თავზე, ახლა თვითონ არ მსჯელობენ პარლამენტში შემოსვლაზე? ახლა ის ხალხი, რომ დახვდეს და ნაგვის ყუთი წამოამხოს თავზე ღირსები ხომ იქნებიან. ეს მოკლე პოლიტიკური მხედველობა იყო, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა. ასევე მავნებლობა, რაც მათთვის ტრადიციულია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები
მოწონება