პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დეპუტატობის კანდიდატებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულების გაუქმება თუ ისე უნდა დაკონვერტირდეს, თითქოს ეს „ქართული ოცნების“ იდეაა, მმართველი გუნდი მზად არის, აღნიშნული საკითხი საკანონმდებლო პაკეტიდან საერთოდ ამოიღოს.
ანტიკორუფციული ბიუროსთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების განხილვისას ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს, მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი და ვინ – არა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს დასამალი და „საქართველოში ყველამ ზეპირად იცის, ვინ რა ზემოქმედების ქვეშ თუ ზემოქმედების გარეშე დადის“.
„საკითხი სხვადასხვა დროს, არაერთხელ იყო ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად განხილვის საგანი. ნარკოტესტის გავლის წესი ყოველგვარ ცივილურ ფორმას სცილდება. თუ დადგინდა, რომ პირი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო, შედეგი არის ნული – არაფერი ხდება და დეპუტატობის კანდიდატად მაინც დარეგისტრირდება. ერთადერთი არის ის, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნის თაობაზე ინფორმაცია ექნება მოქალაქეს და საქართველოს მოქალაქის უფლებაა, თავად გადაწყვიტოს, როგორი პარლამენტის წევრის ხილვა სურს საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
რაც შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულებას, ოხანაშვილი ცვლილებების მომზადებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციას უკავშირებს. მისი განმარტებით, დღეს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეუძლია, უმაღლესი თანამდებობის პირებს ნარკოლოგოიური შემოწმების ვალდებულება დაუდგინოს.
„თუ არ ვცდები, მას ეს უფლებამოსილება არასდროს გამოუყენებია. ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია ამბობს, რომ ნათლად გაიწეროს, რა არის ამის ლეგიტიმური მიზანი ან საერთოდ გაუქმდეს. იმისათვის, რომ დამატებითი სპეკულაციებისთვის სივრცეები არ გაჩნდეს, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, ეს გაუქმდეს. მეორეც, რამდენად კონსტიტუციურია და რა შედეგებს გამოიწვევს, პირმა ნარკოტესტი რომ გაიაროს, ეს საკითხი ღიაა – პარლამენტის წევრის შემთხვევაში, ვერაფერს გამოიწვევს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
