IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გერმანიის ელჩზე შეტევა მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა  პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას.

„ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, ექვსი წლის შემდეგ, გერმანიის ელჩზე შეტევა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს – გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სრულიად მიუღებელია. ეს არის ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა.

მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ექვსი წლის შემდეგ, საქართველოს აქვს უფრო ძლიერი დემოკრატია, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტი და მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასთან. ჩვენ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და გვაქვს სამოქმედო გეგმა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უცვლელია!“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შალვა ნათელაშვილი დღეს გამოეხმაურა გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის გუშინდელ განცხადებას, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში“. ნათელაშვილის თქმით, ელჩს “აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი”. მან გერმანიის მთავრობას მოუწოდა, რომ გაიწვიონ “სამარცხვინო ელჩი”.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება