IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში, შპს „ბლუბერის“ კუთვნილ ლურჯი მოცვის პლანტაციაში გურიის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე გამახვილდა, რაზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად მომდევნო წლების განმავლობაში იმუშავებს.

ამ გეგმის შესაბამისად, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერის პროგრამების გაგრძელება, ახალი პროგრამების შეთავაზება სხვადასხვა სოფლის მეურნეობის დარგის შესაბამისად. ასევე, ფერმერებისათვის სხვადასხვა საგრანტო პროგრამის შეთავაზება.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ფერმერებთან საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ფერმერებთან, სადაც სოფლის მეურნეობაზე საუბრისას, ბევრი აქტუალური კითხვა დაისვა. ასევე, იყო საინტერესო ინიციატივებიც. უამრავი რამ კეთდება და ვფიქრობ, რეგულარული კომუნიკაცია და მსგავსი ტიპის შეხვედრები მოსახლეობის ინფორმირებას ხელს შეუწყობს. მინდა აღვნიშნო, რომ ის საჭიროებები და ინიციატივები, რაც დღეს ფერმერებს აქვთ, საჭიროა მაღალი ტრიბუნიდანაც ისმოდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი პარტიის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე იქნება ის ადამიანი, ვინც რეგიონის პრობლემატიკას მთავრობამდე მოიტანს და მომავალში აქტუალობას არ დაკარგავს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვასლ ჩიგოგიძის თქმით, ფერმერებთან განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ფერმერებთან განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. ფერმერებს აუცილებლად ექნებათ ჩემი დიდი მხარდაჭერა და ეს იქნება ჩემი პრიორიტეტი მომავალშიც. ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ რეგიონში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაზე“, – აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება