IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

26 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგში გერმანულ-ქართული ფორუმი დაფუძნდა. ინფორმაციასს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფორუმის დაარსების წესდებას ხელი მოაწერეს ბუნდესტაგის დეპუტატებმა აქსელ ფიშერმა (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია), სვენია შტადლერმა (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ტობიას ლინდნერმა (მწვანეთა პარტია), ოლავ გუტინგმა (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია), მარტენ ფონ მარშალმა (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია), იოზეფ რიფმა (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია) და ოტო ფრიკემ (თავისუფალი დემოკრატები).

ფორუმის დაარსების ინიციატივა ეკუთვნის დეპუტატ აქსელ ფიშერს, საქართველოს მეგობარს, რომელიც მმართველი საბჭოს თავმჯდომარის რანგში უხელმძღვანელებს ფორუმის საქმიანობას.

ფორუმის მიზანს წარმოადგენს საქართველო-გერმანიას შორის არსებული ტრადიციულად კარგი ურთიერთობების განმტკიცება და გაფართოება, გერმანიის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება.

გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ და მათი მზაობა ხელი შეუწყონ ქართულ-გერმანული ურთიერთობების განმტკიცებას, კარგ საფუძველს ქმნის ფორუმის მომავალი წარმატებული საქმიანობისათვის.

„აღსანიშნავია, რომ ფორუმი შექმნის დამატებით პლატფორმას ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციური პარტნიორობისთვის, რაც მტკიცე საფუძველი იქნება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიალური მთლიანობის, საქართველოს ევროპულ და ჩრდილო ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის მიზნით.“-აცხადებს გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია.

უახლოეს მომავალში იგეგმება ფორუმის გაფართოება, რაც გულისხმობს როგორც ქართველი, ისე გერმანელი პოლიტიკოსების, საზოგადოებრივი წრეებისა და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლების ფორუმში ჩართულობას.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება