IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საწოლფონდის რაოდენობას ვამოწმებთ ყოველ 6 საათში, ეს ინფორმაცია ახლდება, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ ხდება სტაციონარებში ადამიანების მოთავსება, მათი დიაგნოსტირება, შემდეგ რიგი კვლევების ჩატარება, ხოლო გამოჯანმრთელებულთა ბინაზე გაწერა, – ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა რაც მნიშვნელოვანი რიცხვია.

„ეს მოულოდნელი არაა, რადგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა დაინფიცირებულთა ზრდის პარალელურად მზარდია. სწორედ აქედან გამომდინარე დღის განმავლობაში საწოლების რაოდენობა შემცირებულია, რადგან პაციენტების დიდი რაოდენობის ნაკადი შემოგვყავს. შემდეგ დღის მანძილზე ხდება იმ პაციენტების გაწერა, რომელთაც დაასრულეს მკურნალობა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, არის სხვადასხვა სქემა და გეგმა, რაც იმ დონემდე არ მიგვიყვანს, რომ შეიქმნას საწოლების დეფიციტი და არ იყოს ადგილი იმ ადამიანებისთვის, ვისა აუცილებლად სჭირდებათ სტაციონარში განთავსება.

„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მობილიზებული საავადმყოფოები და ჰიბრიდული კლინიკები, რომლებიც კოვიდინფიცირებულების გარდა სხვა პაციენტებსაც ემსახურებიან, გვაქვს იმის რესურსი, რომ ერთ ჯერზე მოვახდინოთ რადენიმე ასეული საწოლის დამატება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, საველე ჰოსპიტალის სცენარი, განიხილება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.

„ამას აქვს მიზეზი თუ რატომ არ მიმდინარეობს საველე ჰოსპიტლების გაშლა საქართველოში. ყველა მოქალაქეს აქვს მაღალი კომფორტის მოთხოვნილება და აქედან გამომდინარე მე ვერ წარმომიდგენია ქართველი პაციენტი, რომელიც შესაძლოა რომელიმე სტადიონზე განვათავსოთ. გარდა ამისა ჩვენ ვიცით როგორი მოწესრიგებული გვაქვს სტადიონების სივრცეები. ასევე გვაქვს გაცილებით მეტი საწოლი ვიდრე საქართველოს 3 მილიონ 700 ათას მოსახლეს ესაჭიროება. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ პაციენტები განვათავსოთ კლინიკებში, კომფორტულად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ვიდრე არ ამოვწურავთ ამ რესურს, არ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, რომ ჩვენი მოქალაქეები განვათავსოთ სტადიონებზე ან სხვა სივრცეებში“, –განაცხადა ტიკარაძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 1 872 ადამიანს დაუდასტურდა, 603 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 766, კოვიდ-სასტუმროში – 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება