დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების გადათვლა დაასრულა

517
წაკითხვა/ნახვა
mpn

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი უბნების ბიულეტენების გადათვლა დაასრულა.

„რიგ შემთხვევებში გამოვლინდა მცირე ხარვეზები, რომელსაც არ შეიძლება არსებითი გავლენა მოეხდინა ამ კონკრეტული უბნების შედეგებზე და მითუმეტეს, არ შეიძლება არსებითი გავლენა მოეხდინა პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგზე“, – განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, არის გარკვეული საკითხები, რომელთა შესახებაც მეტი ინფორმაციის მიღება იქნება საჭირო. ამიტომ, მომავალი კვირის დასაწყისში სავარაუდოდ, ორშაბათს, კომისია გეგმავს შეკრებას და ამ 20 უბნის გადათვლის შედეგების განხილვას.

გივი მიქანაძის ინფორმაციით, კომისიამ შეარჩია ყველაზე პრობლემური უბნები, სადაც ყველაზე მაღალი დისბალანსი იყო, როგორც ბიულეტენების ნაკლებობის, ასევე ბიულეტენების მეტობის კუთხით. აგრეთვე შერჩეული იყო ის უბნები, სადაც ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივრების დამთხვევა დაფიქსირდა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განაცხადებით, საბოლოო ჯამში, კომისიამ ყველაზე პრობლემური 38 უბნიდან 20 უბანი გადათვალა, რაც რეალური საერთო სურათის დანახვის საშუალებას იძლევა.

პროფესიული ნიშნით შერჩეულმა 12-მა დამთვლელმა 20 საარჩევნო უბნის შედეგები, ორ ოთახში, პარალელურ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში გადაითვალა. პროცესს მონიტორინგს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები უწევდნენ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შერჩეული საარჩევნო უბნების ბიულეტენების ხელახლა გადათვლა 3 ივნისს დაიწყო.

კომენტარები
mpn
მოწონება