“ვულოცავთ ილჰამ ალიევს გაერთიანებული აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევას!”– წერს სოციალურ ქსელში “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე, რომელიც მილოცვის ტექსტს ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე აქვეყნებს.
“ალიევების ოჯახმა აზერბაიჯანის სახელმწიფის ფორმირებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ჰეიდარ ალიევმა ბოლო მოუღო შიდა არეულობას, შეაჩერა თავსმოხვეული ომი და ყარაბაღის სეპარატისტებს მშვიდობიანი პროცესი შესთავაზა.
მან ჩამოაყალიბა თანამედროვე აზერბაიჯანის ფუნდამენტი და საფუძველი დაუდო ეროვნულ ერთობას . მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ინტერესები ისეთი ფორმით დააბალანსა, რომ ნავთობის მოპოვება და ტრანსპორტირება არ გამხდარიყო დაპირისპირების საგანი , ჩამოაყალიბა თანამშრომლობის გარემო, რითაც ქვეყანას მშვიდობის დამატებითი გარანტიები შეუქმნა.
ამით აზერბაიჯანის სახალხო სიმდიდრე, ენერგორესურსები ქვეყნის გაძლიერების საფუძვლად აქცია. ჰეიდარ ალიევმა და ედუარდ შევრდნაძემ ერთობლივი თანამშრომლობით , კასპია-შავი ზღვის კორიდორი მსოფლიოს მიზიდულობის ცენტრად ჩამოაყალიბა.
ილჰამ ალიევმა მამის შექმნილ ფუნდამენტზე , აზერბაიჯანი განვითარების ახალ ეტაპზე გაიყვანა. მოთმინებით ,დაუღალავი შრომით და ბრძნული პოლიტიკით შეძლო ყველასთან მოლაპარაკება, მოწინააღმდეგენიც მხარდამჭერად გაიხადა. მან შეძლო უსამართლობის გამოსწრება, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა და ათასობით დევნილის სახლში დაბრუნდა. ნიშანდობლივია ის, რომ ტერიტორიების დაბრუნება ისე მოხდა, რომ ყარაბაღის საკითხით მანიპულირება , ხალხთა დაპირისპირება და ომის გაჩაღება მომავალში ვეღარავინ ვერ შეძლოს.
ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანს აარიდა რევოლუციური სცენარები, ქვეყანას განუმტკიცა სუვერენიტეტი, ერის იდენტობა და გაზარდა სახელმწიფოს საერთაშორისო ავტორიტეტი. მსოფლიოში მიმდინარე ომების ფონზე, ახალი დატვირთვა მიეცა შუა დერეფნის ლოგისტიკურ გზას, რომელიც უკვე უალტერნატივოდ იქცა დასვლეთისა და აღმოსავლეთს შორის ტვირთბრუნვისთვის.
ეს მიმართულება აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის გაზრდის შემოსავლებს, განამტკიცებს უსაფრთხოების შესაძლებლობებს და აღმავლობაზე აიყვანს ჩვენი ხალხების კეთილდღეობას. სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მშვიდობიანი კავკასია, მსოფლიოსთვის უფრო საინტერესო გახდება!
ილჰამ ალიევის პრეზიდენტად არჩევით აზერბაიჯანელმა ხალხმა, სახელმწიფოს განვითარებას და სახელოვან მომავალს დაუჭირა მხარი. ვულოცავთ გაერთიანებული აზერბაიჯანის პრეზიდენტს , ხალხის მიერ გამოცხადებულ უპრეცენდენტო ნდობას , წარმატებებს და დღეგრძელობას ვისურვებთ მას და აზერბაიჯანელ ხალხს!
P.S. 2003 წელს ილჰამ ალიევმა, საპრეზიდენტო ინაუგურაციისა და ოფიციალური მიღებების შემდეგ, აეროპორტში მხოლოდ ჩვენი დელეგაცია გამოაცილა. გამოფრენამდე ჩაის მაგიდასთან ვისხედით: ედუარდ შევარდნაძე, ახლადარჩეული აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ვახტანგ რჩეულიშვილი და მე.
იქვე იყო სულხან პაპაშვილი. ძალიან მეგობრული საუბარი შედგა, ილჰამ ალიევმა ედუარდ შევარდნაძეს სთხოვა, რომ ხანდახან რჩევისთვის შეაწუხებდა და დაამატა „მამაჩემი ისე წავიდა იმქვეყნად, რომ ტერიტორიული პრობლემების მოგვარება ვერ შეძლო.
ამ საკითხის გადაწყვეტას მილიონამდე ადამიანი ელოდება. აზერბაიჯანის გაერთიანება იქნები ჩემი უმთავრესი საზრუნავი, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ“! ილჰამ ალიევმა, 2003 წელს დადებული დანაპირები პირნათლად შეასრულა და გამარჯვებული შევიდა აზერბაიჯანის ისტორიაში!”- წერს ლევან მამალაძე.