ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკებში მთავრობის მეთაური, ანუ პრემიერ-მინისტრი ხდება არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი. ასეა გერმანიაში, საფრანგეთში,ბრიტანეთში, ნიდერლანდებში და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში.
ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და მთავრობის ფორმირების პროცედურა ევროპის შესატყვისი გახადა. ამიტომ ირაკლი კობახიძის გაპრემიერება, როგორც მართველი პარტიის თავჯდომარისა, გადაწყვეტის ევროპული სტანდარტია.”- ასე ეხმიანება “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე ცვლილებებს მთავრობაში.
მისი შეფასებით, “ქართული ოცნების” ლიდერად ირაკლი ღარიბაშვილის გადასვლით, შენარჩუნებულ იქნა მისი საქმიანობის შედეგები: ქვეყანაში მშვიდობა და რუსეთთან ომში ჩართვის არიდება; საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ამაღლება; ეკონომიკისა და სახელმწიფო შემოსავლების ზრდა; ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება და სხვა.
“ირაკლი კობახიძის პრემიერობით ახალმა მთავრობამ, შემდეგ საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება: ქვეყნის შემოსავლების ზრდასთან შესაბამისად, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესება; საქართველოს გეოპოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენება ევროკავშირთან ინტეგრაციის დასაჩქარებლად; გავლენიან ქვეყნებთან ბალანსის მიღწევა და საქართველოსთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების შექმნა; ტერიტორიული პრობლემების მოგვარების დაწყება; სტიქიური უბედურებების შემცირების, თავიდან არიდების პრევენციისა და მოსახლეობის დაცვის ქმედითი სისტემის შექმნა; მოსახლეობის დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა და შესატყვისი ანაზღაურების გარანტირება; ხელფასების, დახმარებებისა და პენსიების ზრდა; შრომითი პროფესიონალიზმის ამაღლება და მიგრაციის შემცირება; ადგილებზე თვითმართველობის დაბრუნება, პრობლემათა მოგვარების ბერკეტების გადაცემა და უფლებათა დელეგირება; ხელისუფლების გახსნილობა და მოქალაქეთათვის წვდომის გაზრდა.
გვახსოვდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღევანდელი სახელმწიფო სისტემის და პოლიტიკური ელიტის ავტორია. პოლიტიკაში დაბრუნებით, მან თავის თავზე აიღო, არამარტო ხელისუფლების ფორმირების საკითხი, არამედ სახელისუფლებო სისტემის, მისი განშტოებების და პერსონალიების სახელმწიფოს ინტერსებში მუშაობაზე პასუხისმგებლობა! ამ გარემოებათა გამო ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს სახელმწიფოებრივი მდგრადობის და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორია, მით უფრო ასეთ არეულ მსოფლიოში.
არავის ეგონოს, რომ ვინმე, ან რომელიმე სახელმწიფო ჩვენი კეთილდღეობისთვის იღწვის, მათ მხოლოდ თავიანთი ინტერესები ამოძრავებთ და საქართველოს გამოყენება სურთ. გარედან ზესახელმწიფოები გვებრძვიან რევოლუციური გადატრიალებით და პირდაპირი აგრესიით გვემუქრებიან, შიგნიდან კი მათივე დაფინანსებული მეხუთე კოლონა უტევს სახელმწიფოს.
ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილს ფინანსური ზიანიც კი მიაყენეს( Credit Suisse-ში კუთვნილი თანხები უკანონოდ გაუყინეს) , მაგრამ მან საქართველოს ზურგი არ აქცია და სახელმწიფო ინტერესები დაიცვა.
სწორედ ქართული სახელმწიფოს ბედი წყდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაუძლონ უცხოეთიდან შემოტანილ პოლიტტექნოლოგიურ და მედია ზეგავლენას, არ გაიღვივონ წყენა( მათ შორის საფუძვლიანიც), კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგს ქვეყნის სუვერენიტეტი და საქართველოს გაძლიერებას დაუჭირონ მხარი!”- წერს ლევან მამალაძე.
