IMG.GE IMG.GE

გერმანული გამოცემა Der Tagesspiegel საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებს სტატიას უძღვნის. პუბლიკაციის ავტორი, ბუნდესტაგისა და კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრი მარკუს ჰელდი, ქართულ ოპოზიციას მოუწოდებს უარი არ თქვან ერთობლივი ძალისხმევით მოლაპარაკებული შედეგის მხარდაჭერაზე, რადგან საარჩევნო სისტემის რეფორმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პუბლიკაციაში ავტორი დეტალურად აღწერს, რა ცვლილებებს უყრიან კენჭს ქართველი კანონმდებლები და 8 მარტის შეთანხმების მნიშვნელობაზე საუბრობს. „ხმის მიცემის ახალი სისტემა ძალაში უნდა იყოს მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის“ წერს ჰელდი და დასძენს, რომ „1991 წელს სუვერენიტეტის მოპოვებიდან დღემდე ეს კიდევ ერთი საეტაპო მოვლენა იქნება საქართველოსთვის“.

ამასთან, ჰელდი იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ნაწილი კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. „სამწუხაროდ, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა განზრახ შეიკავეს თავი მეორე მოსმენაში მონაწილეობისგან“ დასძენს ბუნდესტაგის წევრი და ყველა პარტიას მოუწოდებს საარჩევნო რეფორმის რაც შეიძლება მეტი ხმით მხარდაჭერისკენ, რადგან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერდნენ მხარს 8 მარტის შეთანხმებას.

„ევროკავშირი და შეერთებული შტატების ხელისუფლება ყოველთვის აქებდნენ საარჩევნო რეფორმას და აცხადებდნენ, რომ ყველა პარტიამ უნდა მისცეს მას ხმა. თუ ეს არ მოხდა, 31 ოქტომბერს გასამართი არჩევნები ძველი კანონის შესაბამისად ჩატარდება და შეურიგებელ კონფრონტაციას ვიხილავთ საქართვლოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ყველას დაჟინებით ვთხოვ დაიცვან შეთანხმება სიტყვითა და საქმით, სრულად აღასრულონ მისი სულისკვეთება და საკუთარი წვლილი შეიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რათა საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა წარმატებით დამტკიცდეს მიმდინარე წლის შემოდგომამდე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. ეს იქნება საქართველოში დემოკრატიისა და სტაბილურობისთვის მიღწეული წარმატება“, – წერს ჰელდი.

 

წყარო: „იმედინიუსი“

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება