IMG.GE IMG.GE

„შეუძლებელია, ვისაუბროთ განათლების სისტემის ეფექტურ რეფორმაზე, თუ არ გვეყოლება ღირსეულად ანაზღაურებადი მაღალი კომპეტენციის მასწავლებლები, ამიტომ, მასწავლებელთა ხელფასების ზრდის პროგრამა უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საპენსიო ასაკის 8 426 პრაქტიკოსი მასწავლებელი, ღირსეულ პენსიაზე გავიდა ფულადი ჯილდოს გადაცემის შედეგად, რომელიც 2 წლის ხელფასს მოიცავდა.

„2 წლის ხელფასის ერთჯერადად, ფულადი ჯილდოს სახით გადაცემის გარდა, საპენსიო ასაკის ჩვენს მასწავლებლებს შეუნარჩუნდათ სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევაც. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამ პროგრამას ორი მიზანი აქვს – საპენსიო ასაკს მიღწეულ ადამიანებს, ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებს მივცეთ პენსიაზე ღირსეულად გაცილების შესაძლებლობა და სისტემა შევავსოთ ახალგაზრდა მასწავლებლებით, რომლებმაც სწრაფად უნდა აიმაღლონ კომპეტენცია“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საყოველთაო განხილვის საგანია ერთიანი ეროვნული გამოცდები, შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული გეგმა ძალაშია და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ეროვნული გამოცდები ჩატარდეს ღირსეულად, როგორც აბიტურიენტებს შეეფერებათ. მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია უსაფრთხო სკოლის კონცეფცია.

„მოგეხსენებათ, ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს სკოლებში არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, მუდმივი პრობლემა იყო და ამ პრობლემის გამოსწორებას სისტემური მუშაობა სჭირდება. ამ მიმართულებით, უსაფრთხო სკოლის კონცეფცია უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და 2019 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მანდატურის სამსახურის ეფექტურობა რაოდენობრივადაც და ხელფასის თვალსაზრისითაც. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, დასრულდა 8 ახალი სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება დამატებით 70 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა. დასრულდა 717 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს 111 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ახალ სასწავლო წლამდე დასრულდება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება