უნდა, რომ პარტიაში განახლება გააკეთოს, მაგრამ ბელადი სააკაშვილის მხრიდან დიდი შეფერხებები ექნება

403
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ნიკა მელიას საპატიმროში საკმაო დრო ჰქონდა იმისთვის, რომ სამომავლო გეგმებზე ეფიქრა, თუმცა აქ ერთი პრობლემაა, როგორც მელიასთვის, ასევე „ნაციონალური მოძრაობისთვის – თუ ისინი კვლავ სააკაშვილის არაადეკვატურ მოთხოვნებს გაჰყვებიან, რომელიც პოლიტიკურად საერთოდ აუხსნელია, ეს პარტია კვლავ ფიასკოსთვის არის განწირული.

„თუ მელია ისევ სააკაშვილის ჩრდილის ქვეშ დარჩება, მისი პოლიტიკური მომავალი ვერანაირად იქნება წარმატებული . ვერც ოპოზიციის გაერთიანებას და ვერც დედაქალაქის მერის არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წინ ვერ წაწევს. მისი პოლიტიკური რეპუტაცია დაზარალდა. ის ამბობდა ერთს და მეორე გააკეთა, სააკაშვილის კარნახისა და კაპრიზების გამო. ამიტომ, ახლა, მას ძალიან მძიმე შრომა ელის. უნდა, რომ პარტიაში განახლება გააკეთოს, მაგრამ ბელადი სააკაშვილის მხრიდან დიდი შეფერხებები ექნება.
რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, ეს არის მყიფე ერთიანობა და დაქსაქსულობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ასევე ენმ-ში შიდა დაპირისპირება უფრო გაძლიერდება და მელიას ბრძოლა ორ ფრონტზე მოუწევს. მას აქვს ჯერ პირველი ამოცანა, რომ პარტიაში არსებული დაპირისპირება გაანეიტრალოს და მეორე ოპოზიციაში დაწყებული კონფლიქტი განმუხტოს. არ არის გამორიცხული, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მსგავსად, ნაციონალების გრავიტაციის ცენტრიდან სხვა ოპოზიციური პარტიებიც გამოვიდნენ“, – ამბობს აბაშიძე .

მისივე თქმით, ოპოზიციური ტელევიზიებიდან ისმის, რომ მელია მიზიდულობის ცენტრია და მას ოპოზიციის გაერთიანება შეუძლია, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითია. შიდა დესტრუქცია ენმ-შიც და მთლიანად ოპოზიციაშიც უფრო გამწვავდება, მით უმეტეს, როცა ოპოზიციურ ფლანგზე საინტერესო მოთამაშეები გამოჩდნენ. შესაძლოა, ბევრი ოპოზიციური პარტიის თუ ლიდერის ადგილიც კი აღარ დარჩეს.
„რასაკვირველია, თუკი ოპოზიციამ ერთიანობა არ შეინარჩუნა და მათ შორის დაპირისპირება გაღრმავდა, რა თქმა უნდა, გიორგი გახარია მათ ელექტორატს წაართმევს. ეს იქნება, არა მხოლოდ ‘ნაციონალების’ ხმები, არამედ იმ მცირე პარტიების, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს. მართალია, ლევან ვასაძეც არის ‘ნაციონალების’ კონკურენტი, მაგრამ მისი ამომრჩეველი უფრო სხვა სეგმენტია. ესაა ულტრანაციონალური და პატრიოტი. გახარია კი, დიდი ალბათობით, დანარჩენი ოპოზიციის ხმებზე „ინადირებს“. აქედან გამომდინარე, თუ შიდა ოპოზიციურ ფლანგზე ლანძღვა-გინება გაგრძელდა, მერწმუნეთ, მათი პოლიტიკური გამარჯვების შანსები ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მინიმუმამდე დავა“, – ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
კომენტარები
რეკლამა
მოწონება