პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პატიმრობის შესახებ წერს და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებას პასუხობს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს პუტინის პირად პატიმარს უწოდებენ.
“აი, ვინ არის პუტინის ნამდვილი პატიმარი! ალექსეი ნავალნი თავისი პოლიტიკური საქმიანობის გამო ექსტრემისტად არის გამოცხადებული და 19 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, რომლიც მან მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს.
ბოლო სამი კვირაა ნავალნის ეძებდნენ, ის ეტაპით გაიყვანეს ვლადიმირის გუბერნიაში მდებარე კოლონიიდან და არავის უთხრეს, თუ სად მიყავდათ. ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკური ლიდერის ახლობლებმა სახელმწიფო დაწესებულებებს 600-ზე მეტი განცხადებით მიმართეს. ცხადია, ყველა მიმართვა უპასუხოდ დარჩა, ამ დრომდე არავინ იცოდა ცოცხალი იყო თუ მკვდარი მთავარი ანტისისტემური ოპოზიციონერი.
გუშინ პენიტენციალურმა სამსახურმა შეატყობინა საზოგადოებას, რომ ნავალნი გადაყვანილია იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის სოფელ ხარპში.
ეს არის ოლქი, რომლის გერბზეც ორი პოლარული, თეთრი დათვი და ერთი უზარმაზარი პოლარული ირემია გამოსახული. სოფელი ხარპი (სიტყვა ნენთა ენაზე “ჩრდილოეთის ციალს” ნიშნავს) პოლარული წრის მიღმა მდებარეობს, ზამთარში ტემპერატურა -40°C -ს უტოლდება, დასახლება მარადი მზრალობის ზონაში მდებარეობას… ზამთრის ყინვას ზაფხულში კოღოებისა და ქინქლების შემოსევა ემატება.
ხარპის კოლონიამდე მისაღწევად აუცილებელია სამი საათი თვითმფრინავით მგზავრობა, შემდეგ გაყინული მდინარე ობის გადალახვა და ბოლოს კიდევ 50 კილომეტრი ავტომობილით. მეორე ვარიანტი მატარებლით 50 საათიან მოგზაურობაზე გადის.
კოლოანიას “პოლარულ მგელს” უწოდებენ, საპატიმროში ძირითადად მძიმე დანაშაულში ბრალდებულები, მკვლელები და ყაჩაღები სხედან. ციხეში არ მუშაობს ელექტრონული საფოსტო სერვისები… წერილი შეიძლება გააგზავნო, მაგრამ პასუხს ვერ მიიღებ.
მოკლედ, ნავალნი გააციმბირეს! იგი სრულ იზოლაციაში მოექცა და წინასაარჩევნოდ ხმასაც ვერ მიაწვდენს მხარდამჭერთა მცირე ჯგუფს. დედამისს ვაშლის “ალაძიკები” არ მიაქვს ხოლმე დღეში ორჯერ ოროთახიან საავადმყოფოში და ხუთი ექთანი არ დატრიალებს თავზე.”– წერს ლევან ლორთქიფანიძე.
