ჩვენ დაგვჭირდება კონსულტაციები ევროკომისიასთან, ვენეციის კომისიასთან, რისთვისაც მზად ვართ – თუ წარმოგვიდგენენ სამართლებრივ არგუმენტებს და დაგვისაბუთებენ, რომ ალტერნატიული მოდელით არსებითი პრობლემა არ შეექმნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ამ შემთხვევაში ყველაფერზე მზად ვართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განუცხადა.
„არა თუ აკლდა, საერთოდ არ იყო წარმოდგენილი სამართლებრივი არგუმენტები. იყო მითითება 19 აპრილის შეთანხმებაზე, რაც სამართლებრივი არგუმენტი არ არის, ეს არის პოლიტიკური შეთანხმება რომელიც ანულირებულია. არცერთი სამართლებრივი არგუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი. რაც შეეხება იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენი მხრიდან არის ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებული, თავიდან ბოლომდე თავსებადია არა მხოლოდ სამართლებრივ პრინციპებთან, არამედ საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან. ამასთან დაკავშირებით გვჭირდება ჩვენ საპირისპირო არგუმენტები, რაც არ იყო წარმოდგენილი. ობიექტურად, ვერც წარმოადგენ ამაზე საპირისპირო არგუმენტებს, იმდენად გამართულია სამართლებრივად და ინსტიტუციურად ის მოდელი, რომელიც ჩვენი მხრიდან არის ინიცირებლი. ბუნებრივია, ამაზე ჩვენ დაგვჭირდება კონსულტაციები ევროკომისიასთან, ვენეციის კომისიასთან, მზად ვართ. თუ წარმოგვიდგენენ სამართლებრივ არგუმენტებს და დაგვისაბუთებენ, რომ ალტერნატიული მოდელით არსებითი პრობლემა არ შეექმნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ამ შემთხვევაში ყველაფერზე მზად ვართ, მაგრამ ეს უნდა დასაბუთდეს სამართლებრივად და ინსტიტუციურადვე.
მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. ჩვენ გვაქვს კოლეგიალური ურთიერთობები როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკომისიის წარმომადგენლებთან და ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს“, – განაცხადა კობახიძემ.
საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და ოდირის ერთობლივ დასკვნაში წერია, რომ შეთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის.
