Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს კადრი სიმსონს შეხვდა

მარშალ პრესი 16/11/2023
402166614_727426419418374_1006788546245193471_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს კადრი სიმსონს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ამ ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო ახლა ელის, რომ დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები საბოლოო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ და ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის დაწყების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ დიალოგის დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწყვეტი ეტაპის გათვალისწინებით.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარ კადრი სიმსონს ამ პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.

განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო მზადაა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობაში მისი სატრანზიტო პოტენციალისა და მწვანე ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობების სრულად გამოყენების გზით.

საუბარი შეეხო გლობალური მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებშიც საქართველოა ჩართული. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის.

ყურადღება გამახვილდა იმ პოტენციალზე, რომელიც საქართველოს, როგორც ჰიდრო- და განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით მდიდარ ქვეყანას, აქვს. აღინიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რომელიც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიეწოდოს. ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მწვანე ენერგიის განვითარების მიმართულებით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკომისრის კაბინეტის წევრი ბარბარა გლოვაკა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო
Next: პარლამენტმა ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი ვიცე-სპიკერის პოსტზე აირჩია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.