საქართველოს პრემიერ-მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

166
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ბოლო პერიოდში მაღალი დონის ორმხრივი კონტაქტების გააქტიურებას. პრემიერ-მინისტრმა იაპონიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური საქმიანობის შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით კარგი შესაძლებლობაა ბიზნესფორუმის პლატფორმა, რომელსაც 2019 წელს ჩაეყარა საფუძველი.

საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანმშრომლობას. აღინიშნა, რომ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება იაპონელი ვიზიტორების რაოდენობა და ქვეყნის მთავრობის მიზანია, კიდევ უფრო მეტი იაპონელი ტურისტი იხილოს საქართველოში, რისთვისაც სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს. ხაზი გაესვა, რომ ამ მხრივ, საქართველოს მთავრობა მზადაა, აქტიურად იმუშაოს იაპონურ მხარესთან, რათა განიხილონ ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლებლობა.

საუბრისას, ასევე განსაკუთრებით აღინიშნა კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში იაპონიის მიერ გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობა, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა იაპონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა.” – აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება