წალენჯიხის მერიის პროვოკაცია აღკვეთილია. ლგბტ სიმბოლიკის პროპაგანდისტული ქოლგები, რომელიც ქალაქში, ტერენტობის დღესასწაულთან დაკავშირებით იყო დაკიდებული, ჩამოიხსნა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ქოლგები მერიისგან დაუკითხავად ჩამოხსნეს ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრობის” ორგანიზაციის, “ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა.
„ესენი არიან „ალტ-ინფოსთან“ ასოცირებული ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან. ეს არის ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტი და ბუნებრივია მათი ეს რეაქციაც… სადღესასწაულო ატრიბუტები ჩვენ ტენდერში გვაქვს შეძენილი და ბოლო წელიწადნახევარია სულ ესენი ეფინება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დღესასწაულებზე. ამხელა სახალხო დღესასწაულია და ამ ორ ქოლგაზე საუბარი არის უკიდურესად უხერხული. ქოლგებზე, რომელიც არის უბრალოდ ფერადი“, – განაცხადა თამარ ბელქანიამ. მისი ინფორმაციით, ინციდენტი დილით მოხდა. მას შემდეგ კი ღონისძიება მშვიდ ვითარებაში ტარდება.
წალენჯიხის მერი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ხარჩილავაა.
