დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივში ორ ლოკაციაზე ძაღლების გასასეირნებელი სივრცეები მოაწყო. ბელიაშვილის ქუჩის N1-სა და დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის 21-ე კორპუსის მიმდებარედ არსებულ სივრცეებში მოეწყო სპეციალური ბარიერები ძაღლების ფიზიკური დატვირთვისთვის, ბილიკები და განთავსდა საპარკო სკამები და ურნები.
გასასეირნებელი ტერიტორიები იზოლირებულია და ძაღლის გასეირნება ალიკაპისა და საბმელის გარეშეა დაშვებული. აღნიშნული სივრცეების მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 127 190 ლარით დაფინანსდა. დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, მოადგილე ზურაბ უგულავასთან და პარლამენტის დეპუტატ ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო.
