სალომე ზურაბიშვილი – ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ში წარმატებული ინტეგრაციის კუთხით კონკრეტული და შთამაგონებელი მაგალითია საქართველოსათვის

125
წაკითხვა/ნახვა

ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტებმა სალომე ზურაბიშვილმა და სტევო პენდაროვსკიმ „სვეტი სპას“ ტაძრის ეზოში გოცე დელჩევის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ცერემონიის შემდეგ „სვეტი სპას“ ტაძარი და სამარხები დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სკოპიეში ვიზიტისას ასევე შეხვდა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, ტალატ ჯაფერის და რესპუბლიკის პირველი ვიცეპრემიერ არტან გრუბის.

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გააქტიურებას, გაღრმავებისა და ასევე, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.

ხაზი გაესვა, რომ საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიის პარტნიორი და მეგობარია, რაც არა მხოლოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებით, არამედ ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობითაც დასტურდება.

ასამბლეის პრეზიდენტთან და ვიცე-პრემიერთან შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, კოვიდპანდემიის პირობებში არსებულ განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, ბორდერიზაციის პროცესსა და ადამიანის გატაცებების ფაქტებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-ში წარმატებული ინტეგრაციის კუთხით ჩრდილოეთ მაკედონია კონკრეტული და შთამაგონებელი მაგალითია საქართველოსათვის, რომელიც აჩვენებს, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა რეალურია.

კომენტარები
მოწონება