უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული „ცხელი თავების“ ბოლოდროინდელი განცხადებები არათუ სცდება ეთიკისა და მეგობრობის ფარგლებს, არამედ ძალიან საშიშ ტენდენციას იღებს და პირდაპირ აღვივებს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ხალხში ანტიუკრაინულ განწყობებს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერით დაწყებული, ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნით დამთავრებული, ჩვენ მოწინავეთა რიგებში ვართ, – ამის შესახებ Facebook-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი წერს.
„თუ არესტოვიჩს, არახამიას ან პოდოლიაკს ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ვერ ხედავს მათ კლანურ, კოორდინირებულ მოქმედებას საქართველოში მოქმედ მეხუთე კოლონასთან, იგივე ერთიან მოღალატეობრივ მოძრაობასთან, ძალიან მწარედ ცდებიან. უფრო მეტიც, ქართველი ხალხი ძალიან მძაფრად და მწვავედ რეაგირებს ყველა მცდელობაზე, რომელიც საქართველოს ომში ჩართვისკენაა მიმართული! დღეს კიდევ უფრო ცხადი ხდება, ვისი და რა კონკრეტული დავალებით შემოიპარა სააკაშვილი უკრაინიდან. მან იცოდა (რაც მან აღიარა კიდეც), რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა და თვითმმართველობის არჩევნების დროს ქვეყნის ასარევად და საქართველოს ომში ჩასათრევად ჩამოვიდა. ჩამოსვლა მან ვერ გაბედა გაცილებით მნიშვნელოვან, საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ახლა უკვე ის კონკრეტული მიზნით მოქმედებდა.
გამომდინარე შექმნილი ამ სურათიდან, მოვუწოდებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ცალკეული გარეწარი უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსის სამარცხვინო და ყოველი პატრიოტი ქართველისთვის შეურაცხმყოფელი განცხადებები არ მიიტანოს გულთან ახლოს და ისეთივე სიყვარულით მოეპყროს თითოეულ უკრაინელ დევნილს ჩვენს ქვეყანაში, როგორც აქამდე“, – წერს ყაველაშვილი.
„უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში, თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი, მაგრამ თქვენს პოლიტიკასა და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან ერთად, ყაზახეთის...