უნივერსალური განმარტების მიხედვით, ბრენდი ის ასოციაციაა, რომელიც კონკრეტული ბიზნესის სახელის გაგებისას გვიჩნდება. მაგალითად, ყველასთვის ცნობილი Nike-ის მთავარი მესიჯი ადამიანების შესაძლებლობები, მათი შთაგონება და მოქმედებისკენ მოწოდებაა. ბრენდის ლოგო კი ბერძენი ქალღმერთის, ნაიკის შთაგონებითაა შექმნილი.
თითოეული ბიზნესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ჩაიბეჭდება მათი ბრენდი ინდივიდების ცნობიერებაში, ვინაიდან ადამიანების ერთი შეხედვით აბსტრაქტული წარმოდგენები ხშირად მათ ეკონომიკურ ქმედებებს განაპირობებს. საბოლოოდ ეს ყველაფერი გაყიდვებში გადაითარგმნება.
როგორც ვახსენეთ, სწორად შექმნილი ბრენდი ნებისმიერი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა. გამონაკლისი არც დეველოპერული კომპანიებია. დღევანდელ სტატიაში საქართველოში არსებული დეველოპერული კომპანიების მაგალითზე ვაჩვენებთ, თუ რას ნიშნავს ბრენდინგი და რა პრინციპით ქმნიან აღნიშნული კომპანიები ბრენდის იდენტობას.
რა ქმნის ბრენდის იდენტობას?
ბრენდინგის მიზანია, ბიზნესის ადამიანური ვერსია შექმნას, გამოიგონოს პერსონაჟი, რომელიც პოტენციურ მყიდველთან დაამყარებს კომუნიკაციას. ამის გამოა, რომ ისეთ ბრენდებში, რომელთა შექმნაშიც დიდი ძალისხმევაა ჩადებული, ადამიანური თვისებების ამოცნობა შეგვიძლია.
ლოგო და ფერები
ლოგო და ფერები ის ძირითადი ვიზუალური მახასიათებლებია, რომელთა საშუალებითაც ბრენდი საზოგადოებაში წარსგდება. სწორედ ამიტომ, ბიზნესები დროსა და ძალისხმევას არ იშურებენ მათი შერჩევისა თუ შექმნის პროცესში. ფერები განსაკუთრებით მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე, შესაბამისად, ეს კომპანიისთვის იდეალური საშუალებაა პოტენციურ მომხმარებელთან ღირებული კავშირის შესაქმნელად.
მოლოდინი
თითოეულ ჩვენგანს, ცნობიერად თუ გაუაზრებლად, ჩამოყალიბებული გვაქვს ჩვენი მოლოდინები კონკრეტული ბიზნესისგან. სწორი ბრენდინგი იძლევა საშუალებას, რომ მოლოდინები არა პირდაპირი კომუნიკაციის გზით, არამედ ფარულად უჩნდებოდეს ადამიანს, ჰქონდეს იდეა, თუ რას ელოდება ამ კონკრეტული ბრენდისგან და, შესაბამისად, რატომ იქნება მისი კლიენტი და არა კონკურენტის.
m2, ქართული დეველოპერული კომპანია, პოტენციურ მყიდველს ჰპირდება, რომ ის დამოუკიდებელია, აღიარებს მის ინდივიდუალურობას. აჩენს შეგრძნებას, რომ მომავალ მკვიდრს სრული თავისუფლება ექნება საკუთარ სახლში. ამასვე მიუთითებს მათი სლოგანი: ,,იცხოვრე შენი ცხოვრებით”.
ღირებულებები
ადამიანების მსგავსად, ბრენდები ერთმანეთისგან ღირებულებებით განსხვავდებიან. შეიძლება ითქვას, რომ ღირებულებათა ნუსხა მათი იდენტობის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და, ამასთან, საუკეთესო საშუალებაა მომხმარებელთან საერთო ენის გამონახვისთვის.
დეველოპერული კომპანია დომუსი საზოგადოებას ეცნობა, როგორც ბრენდი, რომლისთვისაც ხარისხი, და მწვანე არქიტექტურა უცვლელი ღირებულებებია. დიდი ალბათობით, მის მაცხოვრებლებს შორის ბევრი იქნება ისეთი, რომელიც მსგავს ფასეულობებს იზიარებს.
ჩვენი ყურადღება ახალმა დეველოპერულმა კომპანიამ, ბიოგრაფმა მიიქცია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ დაიწყო პირველ პროექტზე მუშაობა. დეველოპერული კომპანია ბიოგრაფი ლივინგის ბრენდინგში უმეტესად ქართული მოტივებია გამოყენებული: სიმბოლოები, ორნამენტები, ფერები, პროექტების სახელწოდებები და ა.შ. სწორედ მათი საშუალებით ხდება გასაგები ჩვენთვის ბიოგრაფის, როგორც ბრენდის ფილოსოფია.
ჩვენი დაკვირვებით, გარდა ვიზუალური მიმზიდველობისა, ბიოგრაფის ბრენდინგში თითოეული ნაბიჯი ხანგრძლივი ფიქრის, ისტორიული და სოციალური კვლევის შედეგია. ბრენდის შექმნაში ჩადებული დრო, ენერგია და ძალისხმევა ყოველთვის გამოიღებს შედეგს და ადამიანების წინაშე უნიკალური იდენტობით წარსდგება.
