როგორც „ქრონიკის“ ჟურნალისტი ერევნიდან იტყობინება, სომხეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ამ დროისთვის სიმშვიდეა და იქ აქციის მონაწილეები არ იმყოფებიან, თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან პოლიციელები ამ დრომდე რჩებიან.
აქციის მონაწილეები შეკრებას დღეს, 19:00 საათზე გამართავენ.
ამასთან, ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის არაერთი დაპირისპირება იყო. შეკრებილები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ და მთავრობის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. ისინი ნიკოლ ფაშინიანისგან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო უფრო მტკიცე ნაბიჯების გადადგმას ითხოვდნენ. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ღამის მოვლენების შემდეგ 34 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 16 პოლიციელია.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ყარაბაღში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების შესახებ განაცხადეს.
