ძლიერი ნალექის შედეგად გურიისა და აჭარის რეგიონებში დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარესამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შესული. სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.
ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება. სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება.
