სხვას ვერაფერს ვუწოდებ – ეს არის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ როგორმე გაყიდონ საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი FARA-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციაზე გააკეთა და ტელეკომპანია „ფორმულაზე“ ისაუბრა.
„თუ რატომ სჭირდებოდა მედიას ლობისტები და ის კამპანია, რისი ნაწილიც არის მედია, ამაზე ანალიზის გაკეთება რთული არ არის. თუ გადავხედავთ იმ აქტივობას, რაც ამ კონკრეტულ ტელეკომპანიას აქვს, მოდით, ასე ვიტყვი, საერთაშორისო ასპარეზზე, ინგლისურენოვან მედიასა თუ სოციალურ ქსელებში, რაც ძალიან ხშირად ხდება განხილვების საგანი ჩვენს პარტნიორებთან, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ძალიან ხშირად, სწორედ ამ მედიის საშუალებით იღებენ-ხოლმე სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციას.
საქართველოს სჭირდება პირიქით, მაქსიმალურად მხარდაჭერა, ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით ის შანსები გამოვიყენოთ, რა შანსებიც არსებობს ევროკავშირის მხრიდან გახსნილი. ამ დროს ხდება სწორედ ყველაზე დამაზიანებელი კამპანიის დაწყება და ამას მე სხვას ვერაფერს ვუწოდებ – ეს არის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ როგორმე გაყიდონ საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
დავით კეზერაშვილის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიასთან კავშირში მყოფმა ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტში მორიგი შეკვეთილი შეკითხვა დასვა. კითხვა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ეხებოდა და ჟურნალისტმა საქართველოს ხელისუფლებას პრორუსი უწოდა. ლობისტურ კომპანიასთან ალექს რაუფოღლუს თანამშრომლობა „ფარას“ ახალი დოკუმენტებით დადასტურდა.
