IMG.GE IMG.GE

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კავკასიის ბუნების ფონდსა (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის თანახმად, კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დაცულ ტერიტორიებს გრანტის სახით 4 160 000 ლარის ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

„პანდემიის პირობებში, უცხოელი ვიზიტორების შემცირების ფონზე, კავკასიის ბუნების ფონდის მხრიდან მხარდაჭერა დროული და მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიო ტურისტულ სფეროზე. რთული ვითარება შეიქმნა ჩვენს დაცულ ტერიტორიებზეც, შემცირდა უცხოელი ვიზიტორების ნაკადი, რომელიც შემოსავლის ძირითადი წყაროა. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამუშაო შეუფერხებლად წარიმართოს. გერმანიის მთავრობის მხრიდან ჩვენ ვიღებთ გრანტს, რომელიც უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა და მიმდინარე წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საოპერაციო ხარჯების დაფარვაში დაეხმარება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„პანდემიის შედეგად, ქვეყანაში ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაბამისად, კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაფინანსების გაზრდის შესახებ, რათა მოხდეს დაცული ტერიტორიების დაცვის, ტურისტების ჩამოსვლის, ასევე ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ძირითად სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა“, – განაცხადა CNF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ.

„ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ეკოტურიზმიდან შემოსავლების შემცირებამ, საფრთხის ქვეშ დააყენა დაცული ტერიტორიების სააგენტოს უწყვეტი და ეფექტიანი ფუნქციონირება. შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიერ საერთაშორისო დონორებთან დროული და კონსტრუქციული მუშაობის შედეგად, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ სააგენტო მიიღებს გრანტს, რომლის ფარგლებში მოხდება ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებების დაფინანსება, როგორიცაა საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის აუცილებელი საოპერაციო ხარჯები, რეინჯერთა ხელფასები და მათი აღჭურვილობა. საგრანტო ხელშეკრულებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯიაკომინიმ და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ მოაწერეს ხელი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება