ველოდებით საქართველოში პოლონეთის საელჩოსგან ახსნა-განმარტებას და იმ პოლიტიკოსების მოსაზრებას, რომლებიც დღენიადაგ გვიკიჟინებდნენ, რომ სააკაშვილი სახელმწიფოს მიერ ზიანდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„აღმოჩნდა და დადასტურდა, რომ სიმართლე ყოფილა, რასაც ჩვენ თვეების მანძილზე ვამბობდით, რომ სააკაშვილს ჩვენი სახელმწიფო კი არ [აზიანებს], თვითდაზიანებით არის დაკავებული. მიხარია, რომ გადაწყვიტა, საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად იზრუნოს. ახლა უკვე გვჭირდება უფრო სერიოზული მიდგომა, როცა საქმე ეხება პატიმარსა და მის ჯანმრთელობას. ეს ტენდენცია, რაც მან თავისით წამოიწყო და იმ სცენარიდან ამოვიდა, რომელიც სააკაშვილს დაუწერეს, რომ არ ჭამო და, იქნებ გამოგვაყენებინო შენი თავი პოლიტიკურ ინსტრუმენტად, მან ეს სცენარი თავადვე დაარღვია, რასაც მივესალმები. ახლა უკვე კითხვები ისმის პოლონელი ექიმის საქციელთან დაკავშირებით და ვინც გარედან ამ ტიპის შეყვანას უჭერდა ამდენი თვე მხარს, უნდა გასცენ კითხვებს პასუხი, რა მოხდა, რატომ და რა მიზნით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ მარიუშ პიეტრ ჟაკთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, უწყებაში პოლონეთის ელჩი იყო დაბარებული, თუმცა მარიუშ მაშკიევიჩი ამჟამად პოლონეთში იმყოფება.
პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლებს კითხვები ჰქონდათ პოლონელი ექიმის საკითხზე, რომელიც სავარაუდოდ, კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანას ცდილობდა.
„იმედის კვირის“ ინფორმაციით, პოლონელი ნეიროქირურგი არტურ ზააჩინსკია, რომელსაც რეკომენდაცია სწორედ პოლონეთის საელჩომ გაუწია.
როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც პოლონელმა ექიმებმა კლინიკა დატოვეს, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
